საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად კესტუტის იანკაუსკასი დაინიშნა

  საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელად კესტუტის იანკაუსკასი დაინიშნა, – ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ევროკავშირის განცხადებით, კესტუტის იანკაუსკასს 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს ლიტვის დიპლომატიურ სამსახურში. 2011 წლიდან იანკაუსკასი ნატო-ში ლიტვის ელჩი იყო.
16 დეკემბერს ევროპის საბჭომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი 2016 წლის 14 დეკემბრამდე ორი წლით გაახანგრძლივა.
ლიტველი კესტუტის იანკაუსკასი ამ თანამდებობაზე ტოივო კლაარს შეცვლის, რომელიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის პოსტს 2013 წლის 1 ოქტომბრიდან იკავებდა.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამვირვებლო მისიაა. 2008 წლის ოქტომბრიდან მისია ხელს უწყობს ადგილზე მდგომარეობის სტაბულიზაციასა და ნორმალიზაციას, რომელიც 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთს შორის ხელმოწერილი ექვსპუნქტიანი შეთანხმების სრულ დაცვაზეა კონცენტრირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები