ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თვლიან, რომ მარგველაშვილი პუტინს უნდა შეხვდეს

საქართველოს პრეზიდენტი არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარება იყო. ქვეყნის პირველმა პირმა პოლიტიკოსების მოსაზრებები მოისმინა რეგიონში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. საუბარი ასევე შეეხო საქართველო-რუსეთის ურთიერთობას.
არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით, პოლიტიკოსთა ნაწილს მიაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის შეხვედრა უნდა გაიმართოს.
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ირინა იმერლიშვილის განცხადებით კი, გიორგი მარგველაშვილი ვლადიმერ პუტინს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეხვდება, თუ საუბრის თემა დეოკუპაცია და დევნილების უპირობო დაბრუნება იქნება. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტის მიერ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებაც მიულოცა. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს პრეზიდენტის ინიციატივა, შეხვედრა გაიმართა პოლიტიკურ პარტიებთან ქვეყნის მნიშვნელოვან გამოწვევებთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ მსგავსი შეხვედრები ყველა დონეზე უნდა გაიმართოს.
საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას „ახალი მემარჯვენეების“, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“, „ქართული დასის“, „მემარცხენე ალიანსის“, „საქართველოს გზის“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“, „სამოქალაქო ალიანსისა“ და „ევროპული დემოკრატების“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, უახლოეს დღეებში პრეზიდენტი გეგმავს, რომ შეხვდეს როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, ისე უმცირესობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები