საკარიერო სკოლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში კაპიტნის საკარიერო სკოლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეებს სასწავლო პროცესის დასრულება თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გოჩა რატიანმა მიულოცა და წარჩინებულ კურსდამთავრებულებს დიპლომები და სამკერდე ნიშნები გადასცა.
ღონისძიებაზე კაპიტნის საკარიერო სკოლის ინსტრუქტორი, მაიორი ვიაჩესლავ ჩეკალინი უწყებრივი მედლით დააჯილდოვეს.
მას პირველი ხარისხის მედალი უმწიკვლო სამსახურისთვის ეროვნული თავდაცვის აკადემიის კომენდანტმა, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ გადასცა.
კურსის წარმატებით ჩატარებისთვის კაპიტნის საკარიერო სკოლის ინსტრუქტორებს საჩუქრად გადაეცათ წიგნები სამხედრო თემაზე.
საზეიმო ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი გიორგი კბილცეცხლაშვილი, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი შალვა ბაჯელიძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი არსენ ცუხიშვილი, ასევე შეიარაღებული ძალებისა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
კაპიტნის საკარიერო სკოლაში სასწავლო პროგრამა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სხვადასხვა ქვედანაყოფის 71 ოფიცერმა გაიარა. 22 კვირის განმავლობაში, მათ მანევრის, დაზვერვის, კავშირგაბმულობის, ლოგისტიკის, პერსონალის მართვისა და საჰაერო თავდაცვის კურსები გაიარეს.
დღეიდან ოფიცრები საკუთარ ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან და საქართველოს შეიაღარებულ ძალებში გააგრძელებენ მსახურს.