შს მინისტრის მოადგილე: ე.წ. ორი გასაღების პრინციპი ბევრად უკეთესია (ვიდეო)
კამპანია “ეს შენ გეხება-ისევ გვისმენენ”-ის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დღეს გამართულ აქციას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა.
შს მინისტრის მოადგილის თქმით, ე.წ. ორი გასაღების პრინციპი ბევრად უკეთესია.
მისივე განცხადებით, სისტემის გაუმჯობესებისთვის აღნიშნულ საკითხზე არასამთავრობოებთან დიალოგი მომავალშიც გაგრძელდება.
„საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ამ პროცესს დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდა არც კარი, არც გასაღები. პრაქტიკულად იყო უკონტროლო. გვაქვს ახალი სტანდარტი, რომელსაც აწესებს კანონმდებლობა და ეს არის ორი გასაღების პრინციპი, აქედან ერთ-ერთი აქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, რომელიც არის გარე კონტროლის მექანიზმი. შესაბამისად, ეს არის ბევრად უკეთესი სტანდარტი. სისტემის გაუმჯობესებისთვის მომავალშიც გაგრძელდება დიალოგი და არასამთავრობო სექტორთან აუცილებლად ვითანამშრომლებთ, მოვისმენთ მათ რეკომენდაციებს და შემოთავაზებებს. ამ ეტაპზე კანონმდებლობაში არის იმ სახით, როგორიც მოხდა მხარეებს შორის შეთანხმება. ეს იყო მაქსიმალურად მონაწილეობითი პროცესი. თქვენ ადევნებდით ამას თვალს. რაც შეეხება მომავალში, იქნება შემდეგი წლის განმავლობაში, თუ შემდეგი 5 წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ცვლილებაზე მთავრობა მზად არის დიალოგისთვის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=bEr6eRbI04s” width=”560″ height=”315″]