“ვესტი უკრაინა”: „განდევნეთ მიშა უკრაინიდან! სააკაშვილის რეფორმების შიდა მხარე“

„განდევნეთ მიშა უკრაინიდან! გიორგი აბდალაძის ისტორია, როგორც სააკაშვილის რეფორმების შიდა მხარე“, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას უკრაინული პორტალი „ვესტი“.
როგორც სტატიაში აღნიშნულია, „მიხეილ სააკაშვილის მმართველობის შედეგები საქართველოში არაერთგვაროვანია. უპირობოა, რომ მან და მისმა გუნდმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დარჩენილ ნანგრევებზე სახელმწიფო ააშენეს და მთელი რიგი წარმატებული რეფორმები ჩაატარეს, რომლითაც უკრაინაში ასე აღფრთოვანებულები იყვნენ, და ქართველი სპეციალისტები მთავრობაში მიიწვიეს. თუმცა სააკაშვილის ეპოქას მეორე მხარეც აქვს: მმართველობის დიქტატორული სტილი, არასასურველ პოლიტიკოსებთან ჭიდილი, ჩვეულებრივი მოქალაქეების დაცინვა. ამაზე ჩვენთან უფრო იშვიათად საუბრობენ. მაგრამ მიხოს ბნელი მხარეც უნდა ვიცოდეთ, რომ იგივე შეცდომები არ დავუშვათ“, – წერს ავტორი.
სტატიაში ცნობილი ქართველი ფოტოგრაფების დაკავების საქმე გაიხსენეს. ფოტოგრაფების დაპატიმრების შემდეგ „3 წელი გავიდა. ჩვენი კოლეგები უკვე დიდი ხანია თავისუფლები არიან. თუმცა დღემდე რეაბილიტირებულები არ არიან. შესაძლოა, ეს მათი საქმის განმეორებითი გამოძიების დასრულების შემდეგ მოხდება“, – წერს სტატიის ავტორი.
მან ინტერვიუ ერთ-ერთ დაკავებულ ფოტოჟურნალისტთან, გიორგი აბდალაძესთან ჩაწერა.
„ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ჩვენ საქართველოში უკვე გავიარეთ. ამიტომ ყოველდღე ვლოცულობთ და სანთლებს ვანთებთ თქვენი ქვეყნისთვის. იმედი გვაქვს, რომ ომი თქვენთან მალე დამთავრდება. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ის, რაც ევრომაიდანზე მოხდა და ახლა ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში ხდება, არ უნდა იყოს უშედეგო. უკრაინა უნდა აყვავდეს და საქართველოს შეცდომები არ გაიმეოროს. ამისთვის ჩვენს ისტორიას მოგიყვებით“, – თქვა აბდალაძემ.
– როგორც ვხვდები, ყველაფერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 2011 წლის 26 მაისს დაიწყო, როდესაც პოლიციამ სასტიკად დაარბია ოპოზიციის მიტინგი? – სვამს კითხვას ჟურნალისტი.
„დიახ. თბილისში ჩამოვიდა ჩემი მეგობარი, „ასოშიეიტედ პრესის“ ცნობილი უკრაინელი ფოტორეპორტიორი ეფრემ ლუკაცკი. როდესაც მიტინგზე წავედით, გულში რაღაც დამიმძიმდა, ცუდი წინათგრძნობა მქონდა. ამიტომ მას ვთხოვე, მხოლოდ ინგლისურ ენაზე ესაუბრა. იმედი მქონდა, რომ ამ შემთხვევაში პოლიცია მას არ შეეხებოდა. პოლიციამ მიტინგი უბრალოდ კი არ დაარბია, ეგრეთ წოდებულმა სამართალდამცავებმა ყველა მომიტინგე ალყაში მოაქციეს და სასტიკად სცემეს. ისინი რუსთაველზე ხელკეტებით დადიოდნენ, სადაც დაგდებული გასისხლიანებული ადამიანებისა და მწოლიარეების ცემას აგრძელებდნენ! არა აქვს მნიშვნელობა, ვინ იყო, ქალი, მოზარდი, მოხუცი… ამას არასდროს დავივიწყებ“, – ამბობს გიორგი აბდალაძე.
ამ დროს ფოტოჟურნალისტი სკამიდან დგება და ჟურნალისტი კომპიუტერთან მიჰყავს: „აი, შეხედე! ამ ფოტოზე „ზონდერ-გუნდი“ სცემს სისხლისგან დაცლილ ადამიანს. ეს კი მკვდარი ახალგაზრდაა. მესმის, რომ ევრომაიდნის დახვრეტა გაცილებით საშინელი იყო. იქ ათობით უკრაინელი დაიღუპა. მაგრამ პატარა საქართველოსთვის 26 მაისის მოვლენები ათვლის წერტილი გახდა. ხალხი მიხვდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში დიდხანს არ დარჩებოდა. ზევიდან ბრძანების გარეშე პოლიცია ამას არ გააკეთებდა. ეს კარგად დაგეგმილი აქცია იყო, და არა მარტო მომიტინგეების, არამედ ჟურნალისტების წინააღმდეგ“, – ყვება აბდალაძე.
აბდალაძის თქმით, საქართველოში, ისევე როგორც უკრაინაში, დიდი ხნის მანძილზე ფიქრობდნენ, რომ სააკაშვილი დემოკრატი და რეფორმატორია. მაგრამ უკვე მაშინ ქვეყანაში ჭორები დადიოდა, რომ ხელისუფლება ხალხს ბიზნესს ართმევს. ციხეში უდანაშაულო ადამიანებს სვამს… მიტინგის დარბევის შემდეგ ყველა ჟურნალისტი მიხვდა: სააკაშვილი ქვეყანაში დიქტატურის დამყარებას ცდილობს. სხვათაშორის, მე და ეფრემოვს გაგვიმართლა. ჩვენთვის თავი და აპარატურა არ გაუტეხიათ, როგორც სხვა ჟურნალისტებს გაუტეხეს, ჩვენ ოფისს წარმატებით მივაღწიეთ და კადრები დასავლეთის მედიას გავუგზავნეთ. რეზონანსი არარსებული იყო. – მათ შორის, ვინც საკუთარი ფოტოები დასავლეთის მედიას გაუგზავნა, მიხეილ სააკაშვილის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე იყო. გულწრფელად რომ გითხრათ, ამან ყველა გააოცა, – ამბობს სტატიის ავტორი.
„დიახ, ამბობდნენ, რომ მიშა საკუთარი ხელით აჭმევს, მან კი… მაგრამ საქმე ისაა, რომ, პირველ რიგში, ჩვენ ჟურნალისტები ვართ და ვალდებულები ვართ ჩვენი პროფესიული და სამოქალაქო ვალი შევასრულოთ. ირაკლი გედენიძე კი – შესანიშნავი რეპორტიორია. გარდა ამისა, ის დიდი ხნის მანძილზე „ასოშიეიტედ პრესისთვის“ მუშაობდა. თან მიშას თხოვნით. ექსპრეზიდენტს პიარი სჭირდებოდა. ის დაინტერესებული იყო, რომ მისი ფოტოები საერთაშორისო მედიაში მოხვედრილიყო“, – ამბობს აბდალაძე.
ფოტორეპორტიორის თქმით, ჭორების შესაბამისად, როდესაც გაიგო ფოტოების გაგზავნის ამბავი, სააკაშვილი გაცოფდა. ამბობენ, რომ საშინლად იგინებოდა, ხელებს იქნევდა. არ ვიცი, ეს სიმართლეა, თუ არა. მაგრამ ის, თუ რა გადაგვხდა თავს მოგვიანებით, ყველაფერზე მეტყველებს. ვფიქრობ, მან ჩვენი დასჯა და ყველა დანარჩენი ჟურნალისტის დაშინება გადაწყვიტა… 8 ივლისის ღამის 3 საათზე ჩემს ბინაში დაახლოებით 20 ადამიანი შემოიჭრა. ყველა ჩემი ნათესავი ოთახიდან გაიყვანეს და გამომიცხადეს, რომ სამშობლოს ღალატში მადანაშაულებენ, რომ მე სხვა სახელმწიფოზე მომუშავე აგენტი ვარ… პოლიციის თანამშრომლებმა შეგვიყვანეს ოთახში, პირველ სართულზე. შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, შეამოწმეს ჩვენზე, თუ როგორ მუშაობდა ელექტროშოკი… შემდეგ გლდანის ციხე… საერთოდ ამ დაწესებულების თანამშრომლების მთავარი ამოცანა – დაპატიმრებულების ფიზიკური და მორალური განადგურება იყო. და ამ ამოცანას ისინი წარმატებულად უმკლავდებოდნენ. პირველივე დღეს ციხის ხელმძღვანელმა მითხრა: „აქედან ცოცხალი ვერ გახვალ!“ ამის საპასუხოდ მე შიმშილობა გამოვაცხადე. მე მესმოდა, რომ ამის შემდეგ ჩემი კოლეგები ხმაურს ატეხდნენ მედიაში. და ამის იმედი მქონდა. რომ არა ისინი, ჩვენ ციხიდან მართლა ვერ გამოვაღწევდით“, – აღნიშნავს აბდალაძე.
აბდალაძე დეტალურად ყვება, თუ როგორ იქცეოდნენ ციხის თანამშრომლები: „როდესაც კამერის ფანჯარას აღებდნენ, ჯერ თეფშებში აფურთხებდნენ და შემდეგ ჩვენ გვაძლევდნენ – ჭამეთ, ცხოველებო. ან ზედა სართულებიდან თავზე გვაფურთხებდნენ და იცინოდნენ. წინააღმდეგობას ვერავინ უწევდა. იმიტომ რომ… იცი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მამაკაცს ასე ყვირილი შეუძლია. მე პირადად არ მაწამებდნენ, მაგრამ მე მესმოდა, თუ რა ხდებოდა ციხეში პარასკევს საღამოს და ღამით. რადგან უქმე დღეებში არავის, არც ადვოკატს, არც მღვდელს არ ჰქონდა უფლება, მოსულიყო დაპატიმრებულთან. ზოგიერთს საჭმელში ან საკვებში ფსიქოტროპულ პრეპარატებს უყრიდნენ. ალბათ, იმისთვის, რომ დახურულ სივრცეში ნელ-ნელა გაგიჟებულიყვნენ“.
გარდა ამისა, აბდალაძის თქმით, ციხეში ყოფნის დროს საუბარი იყო 2008 წლის ომის დროს გადაღებულ კადრებზე. „გამომძიებლებს იმის გარკვევა სურდათ, თუ ვინ გადაიღო ცნობილი კადრი, რომელზეც სააკაშვილი არმიას ტოვებს და თბილისში გარბის… სამწუხაროდ, ეს კადრი ნამდვილია. გულწრფელად რომ გითხრათ, რომ არა ჩვენი პატრიარქი, მიშა ყველა ჩვენს ჯარისკაცს იქ დატოვებდა“, – აღნიშნავს აბდალაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები