ეკა ბესელია: როდესაც მტერს იარაღით ვერ ერევი, პოლიტიკური ენით უნდა დაუპირისპირდე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გუშინდელ განცხადებას ეხმაურებიან. დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებით, როდესაც მტერს იარაღით ვერ ერევი, პოლიტიკური ენით უნდა დაუპირისპირდე.
“ევროკავშირი, ევროსაბჭო, საერთაშორისო ორგანიზაციები აბსოლუტურად ყველა ფორმატში გვეუბნებიან, რომ საჭიროა დიალოგის გაგრძელება ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან. მტერი, როგორიც არ უნდა იყოს იგი, როდესაც მას იარაღით ვერ ერევი, პოლიტიკური ენით უნდა დაუპირისპირდე იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის პროცესი დაჩქარდეს”, – განაცხადა ბესელიამ.
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი კი მიიჩნევს, რომ პუტინის მზადყოფნას საქართველოს პირველ პირებთან შეხვედრის თაობაზე ქვეყანა იღებს, როგორც შესაძლებლობას.
„ამას ჩვენ ვიღებთ, როგორც შესაძლებლობას. ეს ცუდი არ არის, პირველ რიგში, იმისთვის, რომ, ზოგადად ,რისკების შემცირებისკენ წავიყვანოთ პროცესი. თუ თქვენ ბალტიის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დააკვირდებოდით, ბალტიისპირეთის ლიდერები ცდილობდნენ, რომ რუსეთთან კონსტრუქციული პოზიციები დაეჭირათ, თუმცა დაჩქარებული ტემპით მიდიოდნენ ევროკავშირისკენ“, – განაცხადა სესიაშვილმა. პუტინის განცახდებით, ის საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების სურვილის შემთხვევაში მზად არის მათ შეხვდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები