„ასოცირების ხელშეკრულების ყველაზე ხელშესახები შედეგი მომავალ წელს ვიზა – ლიბერალიზაცია იქნება“
„ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები შედეგი მომავალ წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ვიზა – ლიბერალიზაცია იქნება“,- აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიგლა აგულაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
გიგლა აგულაშვილის განცხადებით, ახალ შესაძლებლობებს საქართველომ საკანონმდებლო მიახლოების პროცესი და იმ სტანდარტების დანერგვა უნდა შეაგებოს, რა სტანდარტებიც ევროპაშია ცნობილი.
„ ეს არის უმნიშვნელოვანესი თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში, ეს უკიდეგანო შესაძლებლობების არეალს აჩენს. ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები შედეგი მომავალ წელს ვიზა – ლიბერალიზაცია იქნება, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს, შეუფერხებლად გადაადგილდნენ ევროკავშირის ქვეყნებში. ამაზე უკვე ლაპარაკობენ არა მარტო საქართველოში, არამედ ამაზე საუბრობენ ჩვენი ევროპელი პარტნიორებიც. სავარაუდოდ, მომავალი წლისთვის ვიზა – ლიბერალიზაციის პროცესი დაიწყება და წარმატებით დასრულდება. ეს მოლოდინი იმდენად მაღალია, რომ არა მგონია, რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორი გამოჩნდეს. აქ არის პირობა იმისა, რომ ჩვენ თანამიმდევრულად გავაგრძელებთ რეფორმების იმ კურსს, რომელსაც აქამდეც ვატარებდით. ასოცირების ხელშეკრულება არის ჩვენთვის შესაძლებლობები და ამ შესაძლებლობებს ჩვენი საკანონმდებლო მიახლოების პროცესი და იმ სტანდარტების დანერგვა უნდა შევაგებოთ, რა სტანდარტებიც ცნობილია ევროპაში“,- განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.