თამარ ბერუჩაშვილი: ევროკავშირთან ასოცირება ხალხს კეთილდღეობას და სტაბილურობას მოუტანს
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია ევროპარლამენტის მიერ ჩვენი ქვეყნისადმი და მისი ევროპული მომავლისადმი ცალსახა მხარდაჭერის დემონსტრირებას წარმოადგენს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელ იანოშ ჰერმანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ასოცირების შეთანხმება, რომელიც დროებით ამოქმედდა 1 სექტემბრიდან, არის საქართველოს განვითარების, უსაფრთხოებისა და გამთლიანების გზაზე გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. ამ შეთანხმებით, საქართველო იღებს ვალდებულებას, ქვეყანაში ეტაპობრივად დანერგოს ევროპული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი სტანდარტები, რაც ჩვენს ქვეყანას და ხალხს კეთილდღეობას და სტაბილურობას მოუტანს. აქედან გამომდინარე, ბერუჩაშვილის განცხადებით, ასოცირების შეთანხმება არის ჩვენი ინვესტიცია საქართველოს მომავალში და მძლავრი სტიმული რეფორმებისთვის.
“დღევანდელი ფაქტი მძლავრი სიგნალია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, დროულად დაასრულონ რატიფიკაციის პროცესი. ასევე მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო იმ ქვეყნებს, რომლებმაც უკვე განახორციელეს რატიფიკაცია. მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ ასოცირების შეთანხმება არ არის რომელიმე ცალკეული პოლიტიკური ძალის დამსახურება, ეს, პირველ რიგში, ქართველი ხალხის მიღწევაა, რომელიც მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ კურსს. ამასთანავე, ეს ხელშეკრულება საქართველოსა და ევროკავშირის ერთობლივი ძალისხმევის ნათელი შედეგია, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისა და გაღრმავების მყარ საფუძველს”, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესი საკმაოდ შრომატევადი გამოწვევებით აღსავსეა, რომელიც მთავრობისგან, პოლიტიკური ძალებისგან, საზოგადოებისგან მოითხოვს აქტიურ ჩართულობას და თანამდგომას. მისი თქმით, მთავრობა მზადაა, გააგრძელოს ევროპული დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმები და მაქსიმალური ძალისხმევა გასწიოს ამ პროცესის წარმატებით უზრუნველსაყოფად.
“ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საქრათველო ამ პროცესში მარტო არ არის, ევროკავშირი, მისი წევრი ქვეყნები, სხვა საერთაშორისი პარტნიორები საქართველოს მასშტაბურ მხარდაჭერას აღმოუჩენენ რეფორმების განხორციელებაში, როგორც ფინანსური და ტექნიკური დახმარებით, ასევე ინვესტიციების ხელშეწყობითა და გამოცდილების გაზიარებით. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ასოცირების შეთანხმება არ არის ევროკავშირთან ჩვენი თანამშრომლობის საბოლოო მიზანი, მიუხედავად იმისა, რომ ის არ იძლევა ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას, შეთანხმება ევროკავშირისკენ მიმავალი საინტერესო და საპასუხიმგებლო გზის დასაწყისია, რომელიც ქართველი ხალხის ევროპულ ოცნებას რეალობად აქცევს”, – განაცხადა ბერუჩაშვილმა.