ზურაბ აბაშიძე პუტინის განცხადებებს ეხმაურება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. როგორც ზურაბ აბაშიძე აღნიშნავს, ქართველი ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, რუსეთის პრეზიდენტმა გამოხატა მზადყოფნა, შეხვდეს მოსკოვში საქართველოს ხელმძღვანელობას.
„ამასთან დაკავშირებით, კვლავ ვადასტურებთ ასეთი შეხვედრის შესაძლებლობას, თუმცა ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აუცილებელია მისი სერიოზული, დეტალური მომზადება. კერძოდ, უპირველესად, შესათანხმებელია შეხვედრის ადგილი, დრო და, რაც მთავარია, განსახილველი თემები. ჩვენი აზრით, ქართულ–რუსული შეხვედრა უმაღლეს დონეზე, ორიენტირებული უნდა იყოს ორმხრივ ურთიერთობებში მთავარი პრობლემური საკითხების განხილვაზე, იგი მიზნად უნდა ისახავდეს რეალური შედეგების მიღწევას ამ პრობლემების ეტაპობრივი მოგვარების თვალსაზრისით. რაც შეეხება პრეზიდენტ პუტინის მიერ გაკეთებულ კომენტარებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტებთან დაკავშირებით, აშკარად ჩანს ოფიციალური თბილისისა და მოსკოვის პოზიციების არსებითი სხვაობა“, – აცხადებს ზურაბ აბაშიძე.