“რატიფიცირების შემდეგ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაძლიერდება”
გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის იოჰანეს ჰანის განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა მტკიცეა და ნდობაზეა დაფუძნებული.
როგორც იოჰანეს ჰანიმ საქართველოს ხელისუფლებისადმი ვიდეომიმართვაში განაცხადა, ეს ურთიერთობები უფრო მტკიცე იქნება ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების შემდეგ, რაც ორივე მხარეს სარგებელს მოუტანს.
ევროკომისრის განცხადებით, საქართველოს სჭირდება, რომ განაგრძოს ძალისხმევა სასამართლო სისტემის რეფორმირებისთვის და უზრუნველყოს კანონის უზენაესობა ასოცირების შეთანხმების ვალდებულებების შესაბამისად.
ვიდეომიმართვაში ევროკომისარი ასევე საუბრობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულების შესახებ და აცხადებს, რომ ის არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს.
“მინდა ხაზი გავუსვა ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში”,-განაცხადა ჰანიმ.
მისივე თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს სტაბილურობას და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას. ამ მიმართულებით კი ევროპელმა დიპლომატმა ჟენევის მოლაპარაკებებისა და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
ამ კონტექსტში იოჰანეს ჰანი საქართველოში მონიტორინგის მისიისთვის ვადის გაგრძელებას მიესალმა.
“საქართველოს ძალისხმევისა და გამოწვევების ფონზე, მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია დაინახონ, რომ ევროკავშირი ერთგულია ძალისხმევისა, მოახდინოს საქართველოსთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაცია”,-განაცხადა ევროკომისარმა.
წყარო: პირWელი