მინდია ჯანელიძე: ქართველ ჯარისკაცებში საქართველოს ყველა პარტნიორი საიმედო დასაყრდენ ძალას ხედავს

ქართველ ჯარისკაცებში საქართველოს ყველა პარტნიორი ხედავს საიმედო დასაყრდენ ძალას, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ვაზიანის მეოთხე მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე განაცხადა, სადაც ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში კიდევ ერთი ნაკრები ასეულის გაცილების ცერემონიას დაესწრო.
მინისტრის თქმით, ავღანეთის სამშვიდობო მისია ჩვენს ქვეყანას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან კიდევ უფრო აახლოებს.
ჯანელიძემ ჯარისკაცებს საბრძოლო ამოცანის მაღალ დონეზე შესრულება და შინ მშვიდობით დაბრუნება უსურვა.
„ჩვენი ქვეყნის გაცხადებული მიზანია, რომ გვინდა გავხდეთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები. ეს მისია კიდევ უფრო აახლოებს ჩვენს ქვეყანას ამ ალიანსთან, კიდევ უფრო ზრდის ჩვენი შეიარაღებული ძალების თავსებადობას ალიანსის შეიარაღებულ ძალებთან. ამიტომაც ამ მისიაში ჩართვა ეს არის მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯი. მინდა ამ ჯარისკაცებმა იცოდნენ, რომ ნებისმიერი დონის შეხვედრის დროს პირველი თემა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის ქართველი ჯარისკაცები და ქართველი ოფიცრები. ჩვენ სიამაყით აღვნიშნავთ, რომ ჩვენი ყველა პარტნიორი ხედავს საიმედო დასაყრდენ ძალას ქართველ სამხედრო მოსამსახურეებში და მათ მიერ გაწეულ სამსახურს აფასებს ძალიან მაღალ დონეზე. ეს ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის საამაყოა და ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის. გისურვებთ წარმატებებს, საბრძოლო ამოცანის მაღალ დონეზე შესრულებას და შინ მშვიდობით დაბრუნებას. ღმერთი გფარავდეთ”, – მიმართა მინდია ჯანელიძემ ნაკრებ ასეულს ავღანეთში გამგზავრებამდე.
ამასთან, მინისტრის განმარტებით, აღნიშნული ასეული ავღანეთში 6 თვით გაემგზავრება.
“ზოგადად, ნებისმიერი ბატალიონი მისიით მიემგზავრება 6 თვით. უბრალოდ, ამ შემთხვევაში არის ერთი მომენტი, მისიის ვადა წლის ბოლომდე სრულდება, მაგრამ იმისთვის, რომ იურიდიულად ყველა პროცედურა დავიცვათ, იმედი მაქვს, პარლამენტი მისიის გაგრძელების თაობაზე მიიღებს გადაწყვეტილებას. პროცედურა დაწყებულია. შესაბამისად, წლის ბოლოდან გაგრძელდება როგორც ამ ასეულის, ისე როგორც დანარჩენი კონტინგენტის მისიის ვადა კიდევ 6 თვით”, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები