„ქართველ სამხედროებს შესწევთ უნარი, ნატოს წევრი სახელმწიფოების გვერდით შეასრულონ საბრძოლო ამოცანები“

ქართველ სამხედროებს შესწევთ უნარი, ნატოს წევრი სახელმწიფოების გვერდით შეასრულონ საბრძოლო ამოცანები – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ვაზიანის მეოთხე მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მონაწილე ასეულის გაცილების ცერემონიალი გაიმართა.
თავდაცვის მინისტრი დარწმუნებულია, რომ ქართველი ჯარისკაცები მისიას მაღალ დონეზე შეასრულებენ.
“პირველ რიგში, მინდა, ყველა ოფიცერს, ყველა სერჟანტს და ჯარისკაცს გულითადად მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო მათი მომზადების პროცესში, ვინაიდან დღეს ჩვენ გვყავს ასეული, რომელსაც შეუძლია მაღალ დონეზე შეასრულოს თავისი საბრძოლო ამოცანა. ამ ასეულს დაეკისრება განსაკუთრებული მისია. ეს არის საპატიო მისია და კიდევ ერთი დასტური იმის, რომ ჩვენს ჯარისკაცებს შესწევთ უნარი ნატოს წევრ სახელმწიფოებთან ერთად შეასრულონ საბრძოლო ამოცანები ისევე მაღალ დონეზე, როგორც ამას აკეთებენ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები. ეს მისია დიდი ნდობაა, დიდი პასუხისმგებლობაა და, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ჯარისკაცები ამ პასუხისმგებლობას თავს მაღალ დონეზე გაართმევენ”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები