ვახტანგ კაპანაძე თავდაცვის სფეროში გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მდივანს შეხვდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ოფიციალური ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში იმყოფებოდა.
ვახტანგ კაპანაძე თავდაცვის სფეროში გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მდივანს, მაიკლ ფელონს შეხვდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები შეაფასეს და სამხედრო სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
გენერალური შტაბის უფროსმა მაიკლ ფელონს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
ყურადღება გამახვილდა მომავალში ქართველი და ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეების ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარების მნიშვნელობაზე.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი უელსის 160-ე ბრიგადის მეთაურს, ბრიგადის გენერალ მარტინ გემბელს, გაერთიანებული სამეფოს სახმელეთო ძალების მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ ჯეიმს ევერარდს და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებს შეხვდა.
გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გაერთიანებული სამეფოს სამხედრო აკადემიასაც ესტუმრა, სადაც ქართველი ოფიცრის კურსის დასრულების ოფიციალური ცერემონიალს დაესწრო. ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალურ პირებთან ერთად, გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლიაიენი და ალბანეთის თავდაცვის მინისტრი მიმი კოდელი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები