გოჩა რატიანი საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გოჩა რატიანმა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელს, ერიკა კვაპილოვას უმასპინძლა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეების შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, შეხვედრაზე თავდაცვის სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობაზე ისაუბრეს და მომავალში თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.
ყურადღება უსაფრთხოების სფეროში გენდერული თანასწორობის საკითხებსა და ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე გამახვილდა.
მომავალში ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, გენდერულ აუდიტთან დაკავშირებით რეკომენდაციების მიღება, ეროვნული სამოქმედო გეგმის მიხედვით, ღონისძიებების ორგანიზება და ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გენდერის მოდულის გაფართოება იგეგმება.
2014 წელს თავდაცვის უწყებამ გენდერული თანასწორობის სტრატეგიის დოკუმენტი დაამტკიცა.
შეირჩნენ და მომზადდნენ მრჩევლები გენდერულ საკითხებზე, რომლებიც როგორც შეიარაღებულ ძალებში, ასევე სამოქალაქო ოფისში მუშაობენ.
თითოეულ ქვედანაყოფში ბრიგადების დონეზე ორი გენდერული მრჩეველი – ქალი და მამაკაცი მსახურობს. მათ მოვალეობას გენდერული თანასწორობის სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობა წარმოადგენს.