პარლამენტი აფრიკაში საქართველოს შეირაღებული ძალების ყოფნის გაგრძელებას მხარს უჭერს
პარლამენტმა ცენტრალურ აფრიკაში, ევროკავშირის მისიის ფარგლებში საქართველოს შეირაღებული ძალების გაგზავნაზე პრეზიდენტის მიმართვას მხარი დაუჭირა. პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად, ორ ოცეულს მისიაში ყოფნის ვადა სამი თვით უგრძელდება. საკითხი კომიტეტის წევრებს უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა წარუდგინა. მისი განმარტებით, საქართველოს ბიუჯეტიდან მხოლოდ ჯარისკაცების ხელფასები ანაზღაურდება, ყველა სხვა საკითხს თავის თავზე ევროკავშირი იღებს. “მოგეხსენებათ, ევროკავშირის მისია, გაეროსთვის მისი გადაცემით, 2014 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, რაც ვერ მოესწრო. შესაბამისად, გაერო-მ ევროკავშირს მიმართა, მისიის 2015 წლის 15 მარტამდე გაგრძელების შესახებ. საქართველო რიგით მეორე კონტრიბუტორია სამხედრო ძალების რაოდენობით. ჩვენი ჯარისკაცები საკმაოდ კარგად მსახურობენ და მისიის ხელმძღვანელობამ, საფრანგეთის სახით და ევროკავშირმა მოგვმართა თხოვნით, ცენტრალურ აფრიკაში მისიის გაგრძელების შესახებ. იქ ძირითადი პრობლემა მალარაიაა, თუმცა ჩვენი ჯარისკაცები სათანადო აცრებს წინასწარ გადიან. ახლა როტაცია განხორციელდა, როგორც ამას შინაგანი წესი ითვალისწინებს. ცენტრალურ აფრიკაში რაიმე შეტაკება არ ყოფილა. ქართველების მიმართ ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან კარგად არის განწყობილი. ქართველი ჯარისკაცების ვალდებულებაა, ქალაქ ბანგის აეროპორტის დაცვა, იქ პატრულირება და კონტროლი. რაიმე ტიპის გართულება არ ყოფილა”, – განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.