ავღანეთში სამხედრო მოსამსახურეები გეგმურ წვრთნებს გადიან
ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები გეგმურ წვრთნებს გადიან. სამინისტროს ცნობით, სწავლების პირველ ეტაპზე სამხედრო მოსამსახურეებმა საავიაციო ბაზის სასროლეთზე საცეცხლე მომზადება გაიარეს. ქართველმა სამხედროებმა სხვადასხვა მანძილზე პისტოლეტიდან და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლეს. თითოეული სავარჯიშოს შესრულების შემდეგ ჯარისკაცების საცეცხლე მომზადების დონე შემოწმდა.
მსგავსი სწავლებები მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნების მიზნით, საერთაშორისო მისიის ფარგლებში ხშირად ტარდება. მომდევნო ეტაპზე ქართველი სამხედროები ტაქტიკურ სწავლებებს გაივლიან.
51-ე ბატალიონი ავღანეთში სამშვიდობო მისიაში მიმდინარე წლის ნოემბრიდან ჩაერთო. ბატალიონის ამოცანას ბაგრამის საავიაციო ბაზის შიდა და გარე უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.