ოპოზიციაში მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნას, ჯობია იყოს ირაკლი ალასანია, ან მაია ფანჯიკიძე – მანანა კობახიძე
პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, საზოგადოებას ურჩევნია „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ოპოზიციაში ჰყავდეს „თავისუფალი დემოკრატები“.
როგორც მანანა კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, უხერხულია ის ფაქტი, როდესაც დღეს ირაკლი ალასანიას პრემიერ-მინისტრის დამოუკიდებლობაში ეჭვი ეპარება. „ცოტა უხერხულია, როცა ორი თვის წინ ღარიბაშვილი იყო დამოუკიდებელი, მთავრობა იყო ეფექტური, ბიძინა ივანიშვილი იყო კარგი, არ ერეოდა არაფერში და ახლა, როდესაც მათ (მაია ფანჯიკიძეს) პირადად შეეხო, ახლა თურმე ქვეყანა ინგრევა. ესენი არიან დაინტერესებული ადამიანები, შემიძლია ვთქვა, რომ ირაკლი ალასანიას უკვე საარჩევნო კამპანია აქვს დაწყებული. ეს მისი უფლებაა, რა თქმა უნდა. თუმცა, ოპოზიციაში მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნას, ბუნებრივია, ჯობია იყოს ირაკლი ალასანია, ან მაია ფანჯიკიძე. თუნდაც იმიტომ, რომ მათი წარსული წამებასთან, სისხლისღვრასთან და რაღაც უბედურებასთან და რაღაც რეჟიმთან არ არის დაკავშირებული. ჯობია, რომ საზოგადოებას ჰყავდეს ასეთი ოპოზიცია“, – აღნიშნა მანანა კობახიძემ.