„საქართველოს დელეგაცია ჟენევის მოლაპარაკებებში უფრო მკაცრი და მომთხოვნი უნდა იყოს“
„მიუხედავად იმისა, რომ 6 წლის განმავლობაში კონკრეტული შედეგი ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს არ მოუტანია, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ამ ფორმატის შენარჩუნებაა“,- აღნიშნული განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ საინფორმაციო- ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ფანჯიკიძის განცხადებით, ჟენევის რაუნდზე აუცილებელია საქართველო რუსეთთან მიმართებაში მკაცრი და მომთხოვნი იყოს. მისი თქმით, უნდა მოხერხდეს, რომ თანათავმჯდომარეებმა: აშშ-მ, გაერომ, ეუთომ და ევროკავშირმა ძალიან მკაცრი განცხადებები გააკეთონ და ეს ჟენევის მოლაპარაკებების დასასრულს მიღებულ დასკვნებში აისახოს.
„მიუხედავად იმისა, რომ 6 წლის განმავლობაში კონკრეტული შედეგი ამ ფორმატს არ მოუტანია, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ამ ფორმატის შენარჩუნებაა. ეს ერთადერთი საეთაშორისო ფორმატია, სადაც საქართველოს საშუალება აქვს, რუსეთის წინაშე მწვავედ დააყენოს ის საკითხები, რომელსაც 2008 წლის აგვისტოში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებს. დღეს და ხვალ საქართველოსთვის მტკივნეული საკითხები ჟენევაში კიდევ უფრო მწვავედ უნდა დადგეს. აუცილებლად უნდა მოხერხდეს, რომ თანათავმჯდომარეებმა: აშშ-მ, გაერომ, ეუთომ და ევროკავშირმა გააკეთონ ძალიან მკაცრი განცხადებები და ჟენევის მოლაპარაკებების დასასრულს მიღებულ დასკვნებში აისახოს, რომ რუსეთისა და აფხაზეთის ხელშეკრულება არის არალეგიტიმური, საერთაშორისო სამართლის დარღვევა და ის საქართველოს ანექსიის ტოლფასია. საქართველოს დელეგაცია მკაცრი და მომთხოვნი უნდა იყოს რუსეთის მიმართ, რუსეთმა თავი კომფორტულად არ უნდა იგრძნოს“,- განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.