„მკაცრად გავაკონტროლებთ, რომ მთავრობამ ვალდებულებები შეასრულოს“
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტი საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში შეაფასა.
ფანჯიკიძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ მინისტრის ვიზიტიც და მის მიერ გაკეთებული განცხადებებიც. მისი თქმით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს მთავრობას ევროპული კურსის გაგრძელებისკენ მოუწოდა.
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის განცხადებით, ოქტომბერში ვიზების ლიბერალიზაციის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა, ახლა კი მკაცრად გააკონტროლებს, რომ ასევე წარმატებით წარიმართოს მეორე ეტაპი და მაისისთვის, როდესაც რიგის სამიტი გაიმართება, უკვე გამოცხადდეს ის კონკრეტული ვადა, როდის შევა ძალაში საქართველოს მოქალაქეებისათვის ძალაში უვიზო მიმოსვლა.
„ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. მინისტრის რანგში ჩემი ბოლო ვიზიტისას, რომელიც გერმანიაში 21-22 ოქტომბერს შედგა, ვთხოვე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ საქართველოში ჩამოსულიყო. ის გზავნილები, რომელიც მან გააჟღერა, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გააგრძელოს ის კურსი, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ 2 წლის განმავლობაში და რომლის განხორციელებისათვისაც ბევრი რამ გავაკეთეთ. მნიშვნელოვანი იყო მისი განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს ცოტა დარჩა უვიზო მიმოსვლამდე. ჩვენ ოქტომბერში ვიზების ლიბერალიზაციის პირველი ეტაპი წარმატებით დავასრულეთ და მკაცრად გავაკონტროლებთ, რომ ასევე წარმატებით და გეგმის მიხედვით წარიმართოს და მაისისთვის, როდესაც რიგის სამიტი გაიმართება, ეს გეგმა შესრულდეს და უკვე გამოცხადდეს ის კონკრეტული ვადა, როდის შევა ძალაში საქართველოს მოქალაქეებისათვის ძალაში უვიზო მიმოსვლა“,- განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.