დავით საგანელიძე „ნაციონალების“ და „რესპუბლიკელების“ დაჯგუფებას არ გამორიცხავს
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დავით საგანელიძე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ დაჯგუფებას არ გამორიცხავს.
ამასთან, საგანელიძე გაზეთ „ვერსიასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ „რესპუბლიკელები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ პრეზიდენტთან დაახლოებას ცდილობენ.
„ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური ნაბიჯია. პოლიტიკაში ყოფნის დიდი გამოცდილება მაქვს, ამიტომ კარგად ვიცი, თითოეული განცხადების უკან რა პოლიტიკური მიზანი იმალება. დიახ, არ გამიკვირდა, რომ „რესპუბლიკელებმა“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ „ქართული ოცნების“ მიერ მოწონებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს. საერთოდ, ცხოვრებაში აღარაფერი მიკვირს. კოალიციისგან პრეზიდენტის გამიჯვნა „თავისუფალ დემოკრატებს“ მოეწონათ და თქვეს, ჩვენც მარგველაშვილთან ვართო. „რესპუბლიკელების“ პოზიცია თავიდანვე გასაგები იყო, რადგან მათ პარლამენტში კანონპროექტის სხვა ვარიანტი შემოიტანეს, მაგრამ საბოლოოდ, ისინიც ამ ფლანგს შეუერთდნენ და დაჯგუფდნენ. როცა უმრავლესობის წევრი გქვია, მოგწონს თუ არა, უმრავლესობის პოზიციასა და პრინციპს უნდა დაემორჩილო! პარლამენტში ერთდროულად ორი კანონპროექტი რომ არ შემოსულიყო და პრეზიდენტს მათი განხილვის ვადები ვეტოთი არ შეეზღუდა, კოლეგების მიმართ ასეთი რბილი და ლიბერალური არ ვიქნებოდი. მათ შორის, არც „რესპუბლიკური პარტიის“ და არც თამარ კორძაიას მიმართ, რომელიც ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრია. უმრავლესობიდან მათი გამიჯვნა თავადვე იმით გავამართლე, რომ დროის სიმცირის გამო, ორი კანონპროექტის შეჯერება ვერ მოვასწარით. ამიტომ კამათი პირდაპირ სესიაზე დავიწყეთ“, – აცხადებს საგანელიძე.