გენერალური შტაბის უფროსი DEEP-ის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით ნატოს თავდაცვის განათლების და შენარჩუნების პროგრამის წარმომადგენლები იმყოფებიან. DEEP-ის სამუშაო ჯგუფს რობერტ ანტისის ხელმძღვანელობით, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრი მასპინძლობს.
უცხოელი სტუმრები საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიიღო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე გენერალური შტაბის უფროსმა საქართველოში სერჟანტთა ინსტიტუტის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და სერჟანტების განათლების დონის ამაღლებაზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრაზე მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის გეგმებიც დასახეს.
ხვალ DEEP-ის სამუშაო ჯგუფი გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ეწვევა და მომავალი სასწავლო კურსების განვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას მიიღებს. ამჟამად, სერჟანტთა მომზადების ცენტრი ტრანსფორმაციის პროცესს გადის. მიმდინარეობს ნატოს მიერ შემოთავაზებულ სასწავლო პროგრამებზე, ოთხსაფეხურიან განათლების სისტემაზე გადაწყობა. ტრანსფორმაციის პროცესში სერჟანტთა მომზადების ცენტრს დახმარებას ნატოს თავდაცვის განათლების და შენარჩუნების პროგრამის სამუშაო ჯგუფი გაუწევს.
DEEP-ის პროგრამა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებისთვის სამხედრო განათლების გაუმჯობესების კუთხით, სხვადასხვა სახის დახმარებას ითვალისწინებს.