მინდია ჯანელიძე: ნატო-ს საწვრთნელი ცენტრი საქართველოში აუცილებლად იქნება
ნატო-ს საწვრთნელი ცენტრი საქართველოში აუცილებლად გაიხსნება, თუმცა სად განთავსდება ეს, მოლაპარაკების საგანია, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ბრიუსელში ვიზიტისას განაცხადა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ცენტრი საქართველოს შესაძლებლობების გაზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
“ეს ცენტრი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი შესაძლებლობების გაზრდისთვის, ცენტრი აუცილებლად გაიხსნება, სად გაიხსნება ის, ეს არის ნატო-ს და თავდაცვის სამინისტროს შემდგომი მოლაპარაკების საგანი. შეხვედრაზე განხილულ იქნა ნატო საქართველოს ურთიერთობის საკითხები, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია არსებითი პაკეტი, რომელიც უელსის სამიტზე შემოთავაზებული იყო საქართველოსთვის. ის გეგმა, რომელიც უელსის სამიტზე საქართველოს გადაეცა, დაგეგმილ რეჟიმში წარიმართება ამაზე მუშაობა, ახლა ჩვენ ველოდებით პარტნიორებისგან შემოთავაზებებს”,- განაცხადა ჯანელიძემ
დღესვე NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მიიღებულია გადაწყვეტილება, ჩამოყალიბდეს ნატო-საქართველოს საწვრთნელი ცენტრი.
“მე მივესალმები ამ ერთგულებას, ამ პოზიციას და ეს ძალზე მნიშვნელოვანია და ცალსახა მიდგომაა. ეს შესაბამისობაშია იმ გადაწყვეტილებასთან, რომელიც ჩვენ მივიღეთ 2008 წელს ნატო-ს სამიტზე. მე მაშინ ვიყავი პრემიერ-მინისტრის რანგში, როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდებოდა ნატო-ს წევრი. ამდენად, ჩვენ მივესალმებით საქართველოს ერთგულებას ამ კურსისადმი, რომ გააგრძელოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. ჩვენ ვაპირებთ, გავაგრძელოთ მუშაობა იმ პაკეტზე, რომელზეც შევთანხმდით უელსში. ეს გახლავთ პაკეტი, რომელიც გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას. ეს გახლავთ ერთობლივი წვრთნები, ნატო-საქართველოს საწვრთნელი ცენტრის შექმნა. ამას ვაკეთებთ, რადგან საქართველოს სუვერენიტეტს პატივს ვცემთ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩამოყალიბდეს საწვრთნელი ცენტრი და ის ჩამოყალიბდება”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.