საქართველოში აკრედიტებული ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეები სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ესტუმრნენ
საქართველოში აკრედიტებული ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეები და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ესტუმრნენ. სტუმრები საქართველოში ყოველწლიურ სამეთაურო-საშტაბო სწავლებას „დიდგორი 2014 “-ს დაესწრნენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპელ სტუმრებს მასპინძლობა სწავლების ხელმძღვანელმა გაუწია. პოლკოვნიკმა არჩილ ომიაძემ მოწვეულ სტუმრებს სწავლების მიმდინარეობა გააცნო და სასწავლო ცენტრში განლაგებული მართვის პუნქტები დაათვალიერებინა. სწავლების ხელმძღვანელმა პირებმა სტუმრებს „დიდგორი 2014“-ის კონცეფციის, ამოცანებისა და მიზნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.
„დიდგორი 2014“ სამთავრობო უწყებათაშორის სამეთაურო-საშტაბო სწავლებას წარმოადგენს. სწავლების მთავარი მიზანია კრიზისული და საომარი ვითარების დროს სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუტებს შორის ურთიერთქმედების დახვეწა, მართვისა და კონტროლის სისტემების გაუმჯობესება, ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბების მომზადება. სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედროებთან ერთად, ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო დანაყოფებიც.
წელს წვრთნებში პირველად მონაწილეობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის შესაბამისი დეპარტამენტები და სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო. სწავლება „დიდგორი 2014“ ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“, ვაზიანსა და სენაკში 18 ნოემბრამდე გაგრძელდება.