მინდია ჯანელიძემ დაშავებული ქართველი სამხედრო მოინახულა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე მოინახულა.
მაიორი ზაზა თურმანიძე მკურნალობის კურსს გერმანიაში, ლანდშტულის რეგიონულ სამედიცინო ცენტრში გადის. მინდია ჯანელიძე დაშავებული სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა. თავდაცვის მინისტრი მაიორ თურმანიძეს პირადად გაესაუბრა და გამოჯანმრთელება უსურვა.
მაიორი ზაზა თურმანიძე ბაგრამის სამხედრო ბაზაზე მომხდარი ინციდენტის დროს ორ თანამებრძოლთან ერთად დაშავდა. 14 ნოემბერს თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი მაშინ აიფეთქა, როდესაც ქართველი სამხედროები პატრულირებას ახორციელებდნენ. აფეთქების შედეგად მაიორი ფეხში დაიჭრა და ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაშავებულ სამხედროს ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ეწვია. მინდია ჯანელიძე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს პირველ სხდომას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხვა წევრებთან ერთად დაესწრება.