თარგამაძე, ბოკერია და ძმანნი მისნი სააკაშვილს ატყუებენ – გიგლა ბარამიძე
„სააკაშვილს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. მის აქციაზე იმდენი ხალხი არ მივიდა, რამდენსაც ელოდა და აიმედებდნენ. სააკაშვილს კარგა ხანია ატყუებენ ეს ბოკერიები, თარგამაძეები და ძმანი მათნი. ეგ კი არა, სააკაშვილს „რუსთავი 2“-იც კი ატყუებს, ისე ოსტატურად აბევრებდა აქციაზე შეკრებილი ხალხის რაოდენობას!“ – აცხადებს გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში „გაერთიანებული -დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე, რომელიც 15 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართულ აქციას აფასებს. მისი თქმით, სააკაშვილი უკვე დიდი ხანია მიხვდა, რომ იგი თანამებრძოლებმა გააცურეს და 15 ნოემბრის აქციაზე გაცილებით მეტი რაოდენობის ხალხს ელოდნენ.
„მართალია, სააკაშვილს ისე არ გაურეკავს, რომ ლენინივით იყივლოს და იძახოს, „я ретух“! -ო, მაგრამ არც ბევრი უკლია მაგ კონდიციამდე! სააკაშვილი რომ მიხვდა, როგორ გააცურეს თანამებრძოლებმა, იმიტომაც იყო ასეთი გამწარებული და გავეშებული!
წარმომიდგენია, აქციის შემდეგ, რა დღეს დააყრიდა გაცოფებული სააკაშვილი თავის ამფსონებს – ბოკერიასა თუ თარგამაძეს, ასე, ერთი მუჭა ხალხით აპირებს თბილისში თეთრი ცხენით ჩემს შემოგელვებასო?! 15 ნოემბერის აქციას „ნაცები“ თვეების განმავლობაში ამზადებდნენ! სააკაშვილთან ერთად შტაბმა გამართა რამდენიმე შეხვედრა ბუდაპეშტში, ბაქოსა თუ ბელექანში… მაგრამ, რაც მიიღეს, ყველამ ნახა“! – აცხადებს გიგლა ბარამიძე.