ემზარ კვიციანის ცრემლიანი კომენტარი: კოდორი ჩასაბარებლად ალასანიამ გაამზადა და გაეროში ელჩად გაუშვეს
კოდორი ჩასაბარებლად ირაკლი ალასანიამ გაამზადა და გაეროში ელჩად გაუშვეს, – ამ სათაურით გაზეთი “კვირის ქრონიკა“ კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებულის მიერ 4 ნოემბერს მის სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადებიდან ამონარიდებს აქვეყნებს.
კვიციანმა სამხედრო ამბოხებისა და ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდება კიდევ ერთხელ უარყო და განაცხადა, რომ მისი მხრიდან სროლას ადგილი არ ჰქონია.
“არანაირი სროლა და ამბოხი ჩემი მხრიდან არ ყოფილა, ორი მეგობარი ციხეში წამებით მოკლეს,ხელისუფლებამ ხეობისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღო (კვიციანი ცრემლს იწმენდს, არ უნდა შეიმჩნიოს და ბადრაგისგან მიწოდებულ წყალს სხვამს- ჟურნალისტი). გარეოში იყო კაცი ირაკლი ალასანიას სახით, რომელმაც კოდორი ჩასაბრებლად მოამზადა. ამის შემდეგ კი 400 მილიონი ორ წელიწადში ჩამოაწერს. სააკაშვილის მთავრობას ჯერ კიდევს ხელისუფლებაში მოსვლამდე, რუსებისთვის პირობა ჰქონდა მიცემული, რომ კოდორს ჩააბარებდა და შეასრულა კიდეც“, – აცხადებს კვიციანი ჩვენებაში.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის სასამართლომ ემზარ კვიციანს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. კვიციანის ადვოკატი განაჩენის გასაჩივრებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.
ემზარ კვიციანი სამხედრო ამბოხებისა და ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდებით 2006 წლიდან იძებნებოდა. მას პატიმრობა დაუსწრებლად წინა ხელისუფლების დროს მიესაჯა. მიმდინარე წლის 28 თებერვალს კი, მას შემდეგ, რაც საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა, სამართალდამცველებმა აეროპორტში დააკავეს.