ფრედერიკ ჰოტჯესი: სამეთაურო-საშტაბო სწავლება “დიდგორი 2014” შთამბეჭდავად მიმდინარეობს

  აშშ-ს არმიის ამერიკული სარდლობის ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი ფრედერიკ ჰოტჯესი ეროვნულ სასწავლო ცენტრ “კრწანისს” ეწვია და სწავლება “დიდგორი 2014”-ის მიმდინარეობას პირადად გაეცნო.
სასწავლო ცენტრში ამერიკელ გენერალს მასპინძლობა გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ და მისმა პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გაუწიეს.
ჩაჩიბაიას თქმით, სწავლება ერთდროულად სამ სამხედრო ნაწილში, კრწანისში, სენაკსა და ვაზიანში მიმდინარეობს. “დიდგორი 2014” სამთავრობო უწყებათაშორის სამეთაურო-საშტაბო სწავლებას წარმოადგენს.
“სწავლების მთავარი მიზანია, კრიზისული და საომარი ვითარების დროს სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუტებს შორის ურთიერთქმედების დახვეწა, მართვისა და კონტროლის სისტემების გაუმჯობესება, საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბების მომზადება. სწავლების სცენარი რეალურთან მიახლოებულ ვითარებაზეა დამყარებული. წვრთნების დროს თავდაცვითი ოპერაციები ვირტუალური მოწინააღმდეგეების მიმართ მოდერნიზებულ გეოპოლიტიკურ გარემოში განხორციელდება”, – განაცხადა სწავლების ხელმძღვანელმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.
“დიდგორი 2014”-ის სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დანაყოფებთან ერთად ჩართულია შს სამინისტროს სამხედრო დანაყოფებიც. დღევანდელ წვრთნებში პირველად მონაწილეობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და სამოქალაქო ოფისის შესაბამისი დეპარტამენტებიც.
ფრედერიკ ჰოტჯესის განცხადებით, სწავლება შთამბეჭდავად მიმდინარეობს და ამაყობს, რომ ამაში ხელს უწყობენ ამერიკელი სამხედროებიც.
“ერთი კვირის წინ დავინიშნე ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის მეთაურად და ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი. ვაკვირდებით მიმდინარე წვრთნებს. ძალზედ შთამბეჭდავია ის ხარისხი, რომლითაც წვრთნები მიმდინარეობს. წვრთნები არის აბსოლუტურად დახვეწილი და ვამაყობთ იმით, რომ ამერიკის არმიის წარმომადგენლები ხელს უწყობენ ამ წვრთნების ხარისხიანად ჩატრებას”, – განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები