ხაჯიმბა გალში კრიმინალთან ბრძოლას იწყებს
„გალის რაიონში ახალი დანიშნულია პროკურორი, უახლოეს მომავალში კი სამართალდამცავ სტრუქტურებში აქ საკადრო ცვლილებებია მოსალოდნელი“, – ამის შესახებ „კავკაზსკი უზელთან“ საუბარში დე ფაქტო აფხაზეთის „პრეზიდენტმა“ რაულ ხაჯიმბამ განაცხადა. გარდა ამისა, მან გალის რაიონის ხელმძღვანელის ცვლილების შესახებ განაცხადა. ახლა ამ თანამდებობაზე თემურ ნადარაიაა დანიშნული.
ხაჯიმბას განმარტებითვე, გალის რაიონში კრიმინალთან ბრძოლა არ ხდებოდა სრული მოცულობით და ამ სფეროში სიტუაცია ძალზედ საგანგაშოა.
ხაჯიმბას მტკიცებით, ამ რაიონში „გამოსასყიდის სანაცვლოდ ადგილი გატაცებებს ჰქონდა, თუმცა აღნიშნულ კრიმინალურ საქმეებში ჩართული ადამიანები დაკავებულები არიან“.
დე ფაქტო აფხაზეთის „პრეზიდენტის“ აზრით, საკადრო ცვლილებების შედეგად ამ სფეროში სიტუაცია სასიკეთოსკენ შეიცვლება.