საქართველოში ორდღიანი ვიზიტით აშშ-ს არმიის ევროპული სარდლობის მეთაური ჩამოვა
საქართველოს ორდღიანი ვიზიტით აშშ-ს არმიის ევროპული სარდლობის მეთაური გენერალ-ლეიტენანტი ფრედერიკ ჰოდჯესი ეწვევა.
აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, გენერალ-ლეიტენანტი ფრედერიკ ჰოდჯესი საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოველწლიურ სამხედრო წვრთნა “დიდგორზე” დასასწრებად ჩამოდის. წვრთნები კრწანისის ბაზაზე ჩატარდება.
ვიზიტის ფარგლებში გენერალ-ლეიტენანტი ჰოდჯესი საქართველოს თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძესა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს შეხვდება.
გენერალ-ლეიტენანტი ჰოდჯესი ფლორდის შტატიდანაა. მან აშშ-ის სამხედრო აკადემია 1980 წელს დაამთავრა და ქვეით ჯარში გააგრძელა სამსახური. ქვეითი ჯარის ლეიტენანტის რანგში გერმანიაში პირველი მივლინების შემდეგ, მან 101-ე სადესანტო დივიზიაში სახმელეთო ასეულის, ბატალიონისა და ბრიგადის მეთაურად იმსახურა, მათ შორის ოპერაციისას – “ერაყის თავისუფლება”. გენერალ-ლეიტენანტი ჰოდჯესი საომარ ზონაში, ავღანეთში, ყანდაარის პროვინციაში, სამხრეთის რეგიონული სარდლობის ოპერაციების დირექტორი იყო. 2012-14 წლებში გენერალ-ლეიტენანტი ჰოდჯესი ნატოს კოალიციურ სახმელეთო სარდლობას მეთაურობდა.