ირაკლი ალასანია: აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროში ჩემი მოთხოვნით შემოვიდა

აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროში ჩემი მოთხოვნით შემოვიდა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა.
მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტროს ირგვლივ მიმდინარე პროცესები სოლიდური პოლიტიკური ძალის იმიჯის დაზიანებას ემსახურება, რასაც ვერ მოახერხებენ.
“აუდიტის სამსახური ჩემი მოთხოვნით შემოვიდა თავდაცვის სამინისტროში. ეს არის ნორმალური პროცესი, რომ სისტემური პრობლემები, რომლებიც სისტემაში იყო მანამდე, ვიდრე ჩვენ მოვდიოდით, გამოგვესწორებინა. ეს მუშაობა მიმდინარეობდა და მე არ ვიცი, უკვე დაასრულეს თუ არა. ძალიან კარგია, რომ ღიად განხილვა იქნება პარლამენტში. ყველა დაინახავს, თუ რას ჰქონდა საქმე თავდაცვის სამინისტროში. ეს იყო ყოველდღიური გაუმჯობესება. აქცენტი გადასული იყო იმაზე, რომ სისტემური პრობლემები თავდაცვის სამინისტროში მოგვარებულიყო. ბუნებრივია, იქითკენ მიდის ყველაფერი, რომ უნდათ ერთ-ერთი სოლიდური პოლიტიკური ძალის პოლიტიკური იმიჯის დაზიანება, მაგრამ ეს მათ არ გამოუვათ, რადგან მე თავდაცვის მინისტრობამდეც მაქვს ძალიან დიდი წარსული საჯარო სამსახურში. ყველამ კარგად იცის, მათ შორის, იმ ჩემმა თანამშრომლებმა, ვისთანაც მიმუშავია სხვადასხვა უწყებაში, რა პრინციპებით და ღირებულებებით ვხელმძღვანელობ, ამიტომ ამას ისინი ვერ დააზიანებენ”, – განაცხადა ალასანიამ.
გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თავდაცვის სამინისტროს ფინანსური საქმიანობის შესწავლა თავად უწყების მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო. თავდაცვის სამინისტრო 2013 წლის 7 ივლისიდან მოწმდება. გენერალური აუდიტორის განმარტებით, მასალები, რომლებიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აქვს, რამდენიმე შესყიდვასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს ბადებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები