სამტრედიაში მუნიციპალური ნაგავსაყრელის მოწყობა მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სამტრედიაში მუნიციპიალური ნაგავსაყრელის მოწყობას ახორციელებს. სამუშაოები შპს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ ზედამხედველობით ხორციელდება.
მინისტრმა დავით შავლიაშვილმა, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილემ, ალექსანდრე იოსებაშვილმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა დაათვალიერეს.
სამინისტროს ინფორმაციით, სამტრედიის ნაგავსაყრელის მოწყობა არის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, რადგან ეს ობიექტი ოთხი მუნიციპალიტეტის – სამტრედიის, ვანის, ხონისა და აბაშის მოსახლეობას ემსახურება. პოლიგონის სანიტარული მდგომარეობა წლების განმავლობაში უკონტროლო და მძიმე იყო.
იგი ექსპლოატაციაში 1985 წელს შევიდა, იმ დროისთვის კი, როცა შპს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ ოპერირებისთვის გადაეცა, ვერანაირ სანიტარიულ და ეკოლოგიურ ნორმას ვეღარ აკმაყოფილებდა.
თავისი მდგომარეობით, ნაგავსაყრელი საშიშროებას უქმნიდა როგორც გარემოს, ისე – ადამიანების ჯანმრთელობას. ჭარბი ატმოსფერული ნალექისას, ადიდებული მდინარე რიონი პოლიგონის ტერიტორიის ნაწილზე გადმოდიოდა, გაფანტული ნარჩენები კი, დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალს აბინძურებდა. განახლებული პოლიგონი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იმუშავებს. ამ წესების მიხედვით განისაზღვრება ნარჩენების მიღება და განთავსება პოლიგონზე გამოყოფილ სპეციალურ უჯრედებში, რაც ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას, მათი და გარემოს უსაფრთხოების პირობებს გააუმჯობესებს.
განახლებული პოლიგონი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იმუშავებს. სამტრედიის მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობაზე 559 990 ლარი დაიხარჯება. პროექტის განხორციელებაზე 15 ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული.