მინდია ჯანელიძე პოლონეთის ელჩს და სამხედრო ატაშეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.
მინდია ჯანელიძემ თავდაცვის უწყებაში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩს ანდრჟეი ჩიეჟკოვსკის და სამხედრო ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ დარიუს პოგორჟელსკის უმასპინძლა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და პოლონეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობასა და ურთიერთობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ თავდაცვის სფეროში ქვეყნებს შორის ურთიერთობა მომავლაში კიდევ უფრო გაღრმავდება. თავდაცვის მინისტრმა პოლონელ დიპლომატებს ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში, მომავალ წლებში დამატებითი საგანმანათლებლო ღონისძიებების შემოთავაზებისთვის მადლობა გადაუხადა. მინდია ჯანელიძემ პოლონურ მხარეს დაუდასტურა, რომ საქართველოს კურსი ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე უცვლელი რჩება.
„მიმოვიხილეთ საქართველოსა და პოლონეთს შორის მიმდინარე ურთიერთობები. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ საქართველოს 20 სამხედრო მოსამსახურე დღესდღეობით პოლონეთში იმყოფება და შესაბამისი სამხედრო მომზადების კურსს გადის. საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე პოლონეთი ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია. შესაბამისად, ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ იმ პოტენციალს, რაც შეიძლება პოლონეთისგან ამ მიმართულებით მივიღოთ. მიმაჩნია, რომ პოლონეთთან ურთიერთობის კიდევ უფრო ინტენსიფიკაცია მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს წაადგება“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ.
„დღეს პირველად შევხვდი თავდაცვის ახალ მინისტრს მინდია ჯანელიძეს. ძალიან მოხარული ვარ, რომ მისგან თავდაცვის სამინისტროს სამომავლო განვითარების გეგმებზე პირველადი ინფორმაცია მივიღე. მინისტრმა დაგვიდასტურა, რომ საქართველოს, თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების კურსი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ურყევია. მას პოლონური მხარის დახმარება შევთავაზე. ჩვენ მზად ვართ აქტიურად ვითანამშრომლოთ როგორც ნატოში ინტეგრაციის, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებით“. – განაცხადა პოლონეთის ელჩმა საქართველოში ანდრჟეი ჩიეჟკოვსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები