ქვეითის უფლებები და საფრთხე – „ევროპის სახლში“ ფილმის პრეზენტაცია და კონფერენცია გაიმართება
„ევროპის სახლში“ ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპულთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია და ფილმის პრეზენტაცია გაიმართება. ასევე ხელი მოეწერება საგზაო უსაფრთხოების საკითხზე თანამშრომლობის მემორანდუმს.
კონფერენციას ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” და გაეროს მუდმივი წარმომადგენლობა საქართველოში 14 ნოემბერს, 12:00 საათზე ჩაატარებს. საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კვირა“ ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭრია.
აღსანიშნავია, რომ დოკუმენტური სიუჟეტი ქვეითებზე პორტალმა “კვირამ” გადაიღო.
როგორც „კვირას“ ორგანიზაციაში განუცხადეს, ღონისძიების მიზანია მოსახლეობისა და მთავრობის ყურადღების მიქცევა ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიც არის ქვეითის უფლებები. ასევე, მოქალაქეებისათვის იმის შეხსენება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, რათა თავიდან ავიცილოთ ავტოკატასტროფით გამოწვეული ფატალური შედეგები.
კონფერენციაზე ქვეითების თემაზე შექმნილი დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართება. ასევე მედია, კერძო თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მიერ ხელი მოეწერება საგზაო უსაფრთხოების საკითხზე თანამშრომლობის მემორანდუმს.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ: გაეროს, საქართველოს ალიანსის, ესტონური ორგანიზაცია “TrafficProf” – ის წარმომადგენლები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ქალაქ თბილისის ვიცე-მერი, შვედეთის, ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს, ნიდერლანდების სამეფოსა და ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში.