თბილისის მერიამ მიწისქვეშა გადასასვლელების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა
ქალაქ თბილისის მერიამ 5 მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაციისთვის 110 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
როგორც მერიაშ აცხადებენ, სატენდერო წინადადებების მიღება 29 ნოემბერს დაიწყება და 4 დეკემბერს დასრულდება. პროექტი გარდამავალია და სამუშაოები 2015 წელს დამთავრდება.
„ ტენდერი გამოცხადდა გმირთა მოედნის მიწისქვეშა კომპლექსის, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მიმდებარე ტერიტორიისა და ჭაბუკიანის ქუჩის დამაკავშირებელი მიწისქვეშა გადასასვლელის, ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან თბილისის მერიის შენობის მხარეს მიწისქვეშა გადასასვლელის, შავთელის ქუჩაზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელისა და გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელ მაგისტრალზე (ყოფილი იპოდრომის და “მზიურის” მიმდებარე ტერიტორიები) მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის სრულ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე.
პროექტის ფარგლებში, შეილესება კედლები და ჭერი, დაიგება ფილები, მოწესრიგდება სანიაღვრე ქსელი და მოეწყობა ახალი სანიაღვრე ცხაურები, აღდგება ხუფები, გადასასვლელებში დამონტაჟდება ელექტროგანათების სისტემები, სათვალთვალო კამერები და ეკრანები.
გარდა ამისა, მიწისქვეშა გადასასვლელებში დაგეგმილია საპირფარეშოების მოწყობა. გმირთა მოედნის მიწისქვეშა კომპლექსში აღდგება არსებული და მოეწყობა ახალი საპირფარეშო. რეაბილიტაცია ჩაუტარდება შავთელის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის საპირფარეშოს, ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან თბილისის მერიის შენობის მხარეს მიწისქვეშა გადასასვლელში კი მოეწყობა ახალი საპირფარეშო.
უახლოეს მომავალში ტენდერი კიდევ 6 მიწისქვეშა გადასასვლელის სრულ რეაბილიტაციაზე გამოცხადდება“,- აცხადებენ მერიაში.