“კაბელების საქმის” ადვოკატი ალასანიას პარტიის დამფუძნებელი და წევრია
ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღაჩინოსნების, ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების – ლობჟანიძისა და ალავიძის ადვოკატი პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი დამფუძნებულია, – “კვირას“ ადვოკატმა ლევან სამუშიამ დაუდასტურა.
როგორც „კვირასთან“ საუბრისას ლევან სამუშიამ განმარტა, იგი პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ დაარსების დღიდან ერთ-ერთი დამფუძნებელია და დღემდე პარტიის წევრია. მისივე თქმით, იგი თავდაცვის ყოფილ მაღალჩინოსნების საქმეზე ორი ბრალდებულის ინტერესებს იცავს.
როგორც „კვირასთან“ საუბრისას ლევან სამუშიამ აღნიშნა, მას კანონი არ უკრძალავს, რომ ერთდროულად ირაკლი ალასანიას პარტიის დამფუძნებელიც იყოს და ამავდროულად, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების ინტერესების დამცველიც. იგი, როგორც იურისტი, ამ ორ ფაქტს ერთმანეთთან ვერ აკავშირებს და ინტერესთა კონფლიქტზე არ საუბრობს.
„არანაირი ინტერესთა კონფლიქტი არ არის. მე კანონი არ მიკრძალავს, რომ ვიყო ადვოკატი და, ამავდროულად, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ დამფუძნებელიც. ამ შემთხვევაში ვიცავ კონკრეტული საქმის კონკრეტულ ბრალდებულებს “, – აღნიშნა ლევან სამუშიამ.
შეგახსენებთ, რომ 28 ოქტომბერს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დააკავა: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.
საქმის მასალების თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოქმედი მაღალი თანამდებობის პირები სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვის ფაქტზე დააკავეს.