ე.წ.კაბელების საქმესთან დაკავშირებით ნდობის ჯგუფში იმსჯელებენ
ე.წ.კაბელების საქმესთან დაკავშირებით ნდობის ჯგუფში აუცილებლად იმსჯელებენ, -ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა. როგორც სესიაშვილმა განმარტა, მიმდინარე წელს ნდობის ჯგუფის ორი სხდომა იგეგმება.
დეპუტატის თქმით, ნდობის ჯგუფს თავისი კომპეტენცია და უფლება აქვს. “ჩვენ ვმოქმედებთ ყოველგვარი პოლიტიკური ნიშნის გარეშე. როგორც კანონშია მითითებული, ისე ჩავატარებთ მინიმუმ ორ სხდომას ამ წელიწადში. ერთს მივუძღვნით ე.წ.კაბელების საქმეს. ამავე სხდომაზე, ჩვენ ვეცდებით, რომ გავაანალიზოთ აუდიტის სამსახურის ანგარიშები და ეს იქნება 2011, 2012 და 2013 წლის შეფასება. შესაბამისად, ჩვენ გვაინტერესებს, როგორ ხდებოდა საიდუმლო შესყიდვების განხორციელება. რაც შეეხება მეორე სხდომას, ჩვენ მთლიანად ბოლო ორი წლის მანძილზე სახელმწიფო სამსახურებში იარაღის შესყიდვების საქმეს განვიხილავთ”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა.