საკრებულოს გარემოს დაცვის კომისია ძაღლების თავშესაფრის შესახებ განმარტებას აკეთებს

საკრებულოს გარემოს დაცვის კომისია ქალაქ თბილისში ვაკის რაიონში მდებარე უპატრონო ცხოველთა კერძო თავშესაფრთან დაკავშირებულ თემას ეხმაურება. კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილის განცხადებით, ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომ თითქოს თბილისის საკრებულო აღნიშნული თავშესაფრის დახურვის მომხრეა და გარემოს დაცვის კომისიის სხდომა სწორედ ამ მიზნით გაიმართა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბუხრაშვილი განმარტავს, რომ სვანიძის ქუჩის მცხოვრებლებმა დედაქალაქის საკრებულოს წერილით მიმართეს, რომელშიც განმცხადებლები თავშესაფარის მიმდებარედ, კერძოდ მდინარე ვერეს ხეობაში ვეტერინალური და ჰიგიენური ნორმების დარღვევის ფაქტს აღნიშნავენ – “ეს კი მოსახლეობის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს’’,- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის წევრების, ეკა ბესელიასა და შალვა შავგულიძის წერილებიც ერთვის თან. „საკრებულოს წევრებმა გამოვიჩინეთ კეთილი ნება და, სხვა არაერთი მნიშვნელოვანი თემის არსებობის მიუხედავად, საკითხი დღის წესრიგში ჩავსვით და მისი კონსტრუქციულ ფორმატში განხილვის მიზნით გარემოს დაცვის კომისიაზე ორივე მხარე, როგორც განმცხადებლები, ასევე თავშესაფრის მფლობელი თამაზ ელიზბარაშვილი მოვიწვიეთ. სხდომას ასევე მერიის შესაბამისი სამსახურები, გარემოსა და ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ“, – განმარტა შორენა ბუხრაშვილმა. მისივე განცხადებით, სწორედ კომისიის სხდომაზე უნდა მომხდარიყო თავშესაფართან დაკავშირებული მდგომარეობის შესწავლა და გარკვევა, თუ რამდენად ჯდებოდა არსებული სიტუაცია კანონის ფარგლებში. „ჩვენ ვალდებულები ვართ, მოვუსმინოთ ორივე მხარეს, თუმცა, ის, რაც საკრებულოს სხდომაზე მოხდა დაპირისპირებულ მხარეებს შორის, ყოველგვარ ზღვარს გადასული და აბსოლუტურად მიუღებელი იყო. მინდა მოვუწოდო ორივე მხარეს, მსგავსი განხილვების დროს იყვნენ კორექტულები ერთმანეთის მიმართ და პატივი სცენ საკრებულოს, როგორც ქალაქ თბილისის წარმომადგენლობით ორგანოს, რომელიც ნამდვილად არ გახლავთ ის ორგანო, სადაც ამგვარ ტონალობაში უნდა წარიმართოს სხდომა. ამის გამო საკითხის ბოლომდე მოსმენა ვერ მოხერხდა. მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე გრძელდება თემით სპეკულაცია და საკრებულოს აბსოლუტურად უსაფუძვლო დადანაშაულება. უფრო მეტიც, სოციალურ ქსელში თავშესაფრის თითქოსდა გადასარჩენად ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს, რისი საფუძველიც არ არსებობს“, – აღნიშნა ბუხრაშვილმა. საკრებულოს გარემოს დაცვის კომისია ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდებს, თავი შეიკავაონ საკრებულოს მისამართით გამოთქმული ცრუ ბრალდებებისგან და საზოგადოება შეცდომაში ნუ შეჰყავთ. „ვისაც სურს და აღნიშნული საკითხის კონსტრუქციულ რეჟიმში განხილვის უნარი შესწევს, მზად ვართ მათთან თანამშრომლობისთვის“, – აღნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები