ზაქარია ქუცნაშვილი პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას უსაფუძვლოდ მიიჩნევს
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ზაქარია ქუცნაშვილი პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას უსაფუძვლოს უწოდებს.
ქუცნაშვილის თქმით, თუ გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო კურსი უცვლელია, მის საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლას საფუძველი აღარ აქვს.
ქუცნაშვილის თქმით, პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლა “თავისუფალი დემოკრატების“ საპასუხოდ მოითხოვა.
“პრეზიდენტის მიმართვა წარმოადგენდა “თავისუფალი დემოკრატების“ განცხადებაზე რეაგირებას. თუ პრეზიდენტი აღარ მიიჩნევს, რომ საქართველომ ევროპულ კურსს გადაუხვია, მის მიმართვას საფუძველი აღარც აქვს“, – აღნიშა ქუცნაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტში ხვალ ელოდებიან. პრეზიდენტის მიმართვა პოლიტიკური დებატების გარეშე წარიმართება. დებატების გამართვის საკითხი პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობამ დააყენა, თუმცა უმრავლესობამ ეს ინიციატივა არ გაითვალისწინა. ამის შემდეგ, საპარლამენტო უმცირესობამ გიორგი მარგველაშვილს მოუწოდა, ფორმატში ცვლილებები შეიტანოს.