გიორგი მარგველაშვილი მზად არის, “უსინათლოთა კავშირთან” ითანამშრომლოს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, მისმა ადმინისტრაციამ “უსინათლოთა კავშირთან” ითანამშრომლოს. როგორც გიორგი მარგველაშვილმა უსინათლოების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, უსინათლოთა კავშირის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე მისთვის საინტერესო იყო ინფორმაცია, რომ არსებობს უსინათლოთა კავშირის ბაზა, სადაც აღწერილია ადამიანების უნარები და დასაქმების შესაძლებობები. პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა, მომავალი წლიდან უსინათლოთა კავშირთან ერთად განახორციელოს ის პროექტები, რომელიც ამ კავშირს აინტერსებს, ეს იქნება დასაქმება, თუ რაიმე წამოწყების მხარდაჭერა.
“ასეთი ბაზით დავინტერესდებით ადმინისტრაციაში. თუ არის შესაძლებელი, რომ ვაკანსიები, რომლებიც თანხვედრაშია თქვენი ბაზის ადამიანების უნარებთან, ან მათ სამუშაო ინტერსებთან, ჩვენ დავინტერესდებით და აქედანვე შეგვიძლია დავიწყოთ კონკრეტული თანამშრომლობა. ბუნებრივია, ეს არ იქნება აუცილებლად დაკავშირებული უსინათლოთა კავშირთან ან ამ პრობლემატიკასთან, ეს შეიძლება იყო სრულიად სხვა თემა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი დღეს უსინათლოთა კავშირში მეუღლესთან, მაკა ჩიჩუასთან ერთად იმყოფებოდა. საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა, მანამდე კი უსინათლოთა მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები დაათვალიერა.