გაყალბებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით გამოცხადებული ამნისტიით 7500–ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამსახურებსა და იუსტიციის სახლებს, ათი თვის განმავლობაში, გაყალბებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით გამოცხადებული ამნისტიით სარგებლობის მოთხოვნით 7529 მოქალაქემ მიმართა – ამის შესახებ „კვირას“სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან აცნობეს.
როგორც საგენტოში აცხადებენ, გაყალბებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით ამნისტიის კანონი 2013 წლის 25 დეკემბრიდან ამოქმედდა და მიმდინარე წლის 31 დეკემბერს დასრულდება. ინიციატივა იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნის.
„ამნისტია ვრცელდება იმ პირებზე, რომელთაც სხვადასხვა მიზეზის გამო გააყალბეს პირადობის მოწმობა, პასპორტი (მათ შორის, საბჭოთა), სხვა სამგზავრო დოკუმენტი, დაბადების მოწმობა, დევნილის მოწმობა, ბინადრობის მოწმობა, სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა. ისინი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდებიან. ამნისტია ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც ყალბი დოკუმენტი ან დოკუმენტში არსებული მონაცემი გამოიყენა კანონის ამოქმედებამდე. დევნილის მოწმობის გაყალბების შემთხვევაში, დამნაშავე თავისუფლდება არა მარტო პასუხისმგებლობისაგან, არამედ ამ მოწმობის საფუძველზე სახელმწიფოსაგან მიღებული ფულადი თანხების (ლტოლვილის ყოველთვიური და ერთჯერადი დახმარება) დაბრუნებისგანაც.ამნისტია ვრცელდება იმ პირებზე, რომელთაც გააყალბეს პირადი მონაცემები 2009 წლის 1 იანვრამდე, აგრეთვე, იმ პირებზე, რომლებმაც გაყალბებული დოკუმენტებით ან მისი მონაცემებით ისარგებლეს. არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქე დოკუმენტაციის მისაღებად მიმართავს იუსტიციის სახლს ისე, რომ აღარც კი ახსოვს, როდის და რა მიზნით გააყალბა ესა თუ ის მონაცემი. პირადი მონაცემების თვითნებურად გადასწორება საქართველოს კანონმდებლობით დასჯადი ქმედებაა − ითვალისწინებს ფულად ჯარიმას ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ამიტომ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, ისარგებლონ ამნისტიით და ყოველგვარი სასჯელის ან ჯარიმის გარეშე შეასწორონ გაყალბებული მონაცემები“, – აცხადებენ სააგენტოში.
მათივე თქმით, იმისათვის, რომ პირმა ისარგებლოს ამნისტიით, მან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განცხადებით უნდა მიმართოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.
„ იმ შემთხვევაში, თუ პირი ფლობს დევნილის ყალბ მოწმობას, ამავე ვადაში მან განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. თუ პირი უკვე ცნობილია ბრალდებულად, ის თავისუფლდება შესაბამისი ორგანოებისათვის განცხადებით მიმართვის ვალდებულებისაგან და მას ამნისტია პროკურორისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე შეეხება“, – აცხადებენ სააგენტოში.