ნიკოლოზ მჟავანაძე თამარ ბერუჩაშვილს სამინისტროში საკადრო ცვლილებებისკენ მოუწოდებს

„უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე საგარეო საქმეთა მინისტრს თამარ ბერუჩაშვილს სამინისტროში შიდა რევიზიის და საელჩოებში საკადრო გადაადგილებებისკენ მოუწოდებს. მჟავანაძის განცხადებით, უწყებაში ყოველი ახალი ხელმძღვანელის მიღების შემდგომ, ხდება წინამორბედის საქმიანობის შესწავლის საკითხი.
„მსგავსი რამ განხორციელდა თავდაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროებში, თბილისის მერიაში და სხვა უწყებებში. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მიმართებაში არაერთი კრიტიკული განცხადება გაკეთდა საზღვარგარეთ მივლინებებსა და მათ მიერ სხვადასხვა ღონისძიებებზე დახარჯულ თანხებთან დაკავშირებით. უპრიანი იქნება, ჯერ შიდა რევიზიის მიერ, შემდგომში კი, თუ დარღვევები დაფიქსირდა, საგამოძიებო სტრუქტურების მიერ გამოძიებულ იქნეს ფინანსების ხარჯვის ნაწილი.
რაც შეეხება უშუალოდ საკადრო გადაადგილებებს, ,,უფლებადამცველთა გერთიანება’’ უკვე დიდი ხანია საუბრობს იმაზე, რომ რიგ საელჩოებში „ნაციონალებთან“ დაახლოებული პირები აგრძელებენ მუშაობას, რის დასტურად თუნდაც გიორგი ტუღუშის ევროსაბჭოში, ერთ-ერთ კომიტეტში საქართველოს სახელით მუშაობა გამოდგება. ეს ხალხი არა ქვეყნის იმიჯზე, არამედ პირიქით, იმაზე მუშაობენ, თუ როგორ შეირყეს საქართველოს ავტორიტეტი საერთაშორისო არენაზე, რაც შემდგომში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს საწინააღმდეგოდ მიღებულ რეზოლუციებსა და დოკუმენტებში ვლინდება. მოვუწოდებთ თამარ ბერუჩაშვილს, უმოკლეს დროში ჩაატაროს შიდა რევიზია სამინისტროში და საკადრო ცვლილებები განახორციელოს საელჩოებსა და ევროსტრუქტურებში, რათა ამ უწყებაში მომუშავე ხალხმა არა ზიანი, არამედ სარგებელი მოუტანოს ქვეყანას“ , – ამბობს მჟავანაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები