უსუფაშვილმა ბარამიძეს ბიუროს სხდომის “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ჩატარება შესთავაზა

საპარლამენტო უმცირესობა პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის დღეს პოლიტიკური დებატების გამართვასაც ითხოვს, რასაც საპარლამენტო უმრავლესობა არ იზიარებს.
უმცირესობის ინიციატივას პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა უპასუხა.
„როდესაც ჩვენ ამაზე ვმსჯელობდით, თქვენ არ მობრძანდით. თქვენ არ დადიხართ. შემდეგ ბიუროს ჩავატარებთ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში, გნებავთ და იქ მოხვალთ? ამ თემაზე პოზიციები მოსმენილია, გადაწყვეტილება ბიურომ მიიღო განსჯის შედეგად. პრეზიდენტს კონსტიტუციური უფლება აქვს, როდესაც საჭიროდ ჩათვლის, მიმართოს პარლამენტს, მიმართოს და არა ანგარიში ჩააბაროს. მოვუსმინოთ, გავიგოთ, რას გვეტყვის და მერე ვაგრძელებთ ცხოვრებას”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ბარამიძე დაინტერესდა, პრეზიდენტის მიმართვის შემდეგ რატომ არის გათვალისწინებული პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა, რაზეც დავით უსუფაშვილმა უპასუხა, რომ პარლამენტმა პრეზიდენტს მადლობა უნდა გადაუხადოს.
“მადლობის სათქმელად გამოდიხართ? იქნებ ჩვენც გვინდა მადლობის გადახდა”, – განაცხადა ბარამიძემ.
დავით უსუფაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, გაიზიაროს ოპოზიციის მოთხოვნა, თუ ის მოთხოვს, რომ პლენარულ სესიაზე არც პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა იყოს გათვალისწინებული.
ბიუროს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პარასკევს დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტი პარლამენტს მიმართავს, ამავე დღეს ბიუჯეტის პროექტის განხილვა მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები