მინდია ჯანელიძე ისრაელის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ისრაელის ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი მიიღო. მხარეებმა თანამშრომლობის არსებულ მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ისრაელთან სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებაზე იმუშავებს.
„განვიხილეთ თანამშრომლობის მიმდინარე მდგომარეობა, ასევე, სამომავლო პრიორიტეტები. ისრაელთან თანამშრომლობა აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებს, კონკრეტული მიმართულებები, კონკრეტული პლატფორმები განისაზღვრება, რომელთა მიხედვითაც თანამშრომლობის პროცესი წარიმართება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თავდაცვის უწყების ურთიერთობა ისრაელთან სამაგალითო იქნება. რა თქმა უნდა, ეს ურთიერთობა ჩვენი შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაზრდისათვის იქნება გამოყენებული“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ.
“თავდაცვის მინისტრთან ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა. მინისტრს მანამდეც ვიცნობდი. მივულოცე ახალ თანამდებობაზე დანიშვნა. შეხვედრაზე საქართველოსა და ისრაელს შორის ორმხრივი ურთიერთობების, თანამშრომლობის მიმართულებებისა და შესაძლებლობების შესახებ ვისაუაბრეთ. ასევე, შევეხეთ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს. ახლო აღმოსავლეთის რეგიონული უსაფრთხოება გავლენას ახდენს საქართველოზე, კავკასიის რეგიონზე და პირიქით. სწორედ ამიტომ თანამშრომლობენ ჩვენი ქვეყნები ასე მჭიდროდ. ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოსა და ისრაელის მთავრობები ერთმანეთთან მჭიდროდ თანამშრომლობენ სხვადასხვა სფეროში – ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, კულტურა და, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების მიმართულებით. მაგალითად, ამ დილით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იერუსალიმში ისრაელის უშიშროების მინისტრს შეხვდა. დღეს, ჩვენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გავმართეთ შეხვედრა. გვსურს, რომ ყველა ზემოთ აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობა გაგრძელდეს. ჩვენთვის უდიდესი მიშვნელობა აქვს ურთიერთობის გაგრძელებას. მოხარული ვარ, რომ თავდაცვის მინისტრმა დაგვიდასტურა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა გაგრძელდება და კიდევ უფრო ინტენსიური გახდება“, – განაცხადა საქართველოში ისრაელის ელჩმა იუვალ ფუქსმა თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები