ნიკა ჩიტაძე თამარ ბერუჩაშვილზე – ყველა მთავრობას ერგება
საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე თამარ ბერუჩაშვილის დანიშვნის ფაქტს “კვირასთან“ ექპერტი ნიკა ჩიტაძე აფასებს. ექსპერტი საგარეო უწყების ახლად დანიშნულ მინისტრს გამოცდილებას უწონებს, თუმცა უწუნებს პრინციპულობას და იმედოვნებს, რომ ბერუჩაშვილის “ეს ნაკლი“ საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს საფრთხეს არ შეუქმნის.
ნიკა ჩიტაძე საგარეო საქმეთა ახალი მინისტრის წარსულ კარიერას იხსენებს და აცხადებს, რომ ბერუჩაშვილი ყველა მთავრობას მარტივად ერგება.
“ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ძალიან საპასუხისმგებლოა. ერთი მხრივ, ბერუჩაშვილს დიპლომატიურ სფეროში მოღვაწეობის დიდი გამოცდილება აქვს. შევარდნაძის ხელისუფლებიდან მოყოლებული იგი ამ მიმართულებით საკმაოდ მაღალ თანამდებოებს იკავებდა. იგი ერგება ყველა მთავრობას. თუმცა, მეორე მხრივ, მან არაერთხელ გამოავლინა სერიოზული უპრინციპობა . ის“ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში იკავებდა ჯერ ვროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს, შემდეგ კი მინისტრის პირველი მოადგილე იყო. მას შემდეგ კი, რაც “ქართული ოცნების“ რიგებში გადავიდა, დაიწყო “ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკა და დაივიწყა, რომ ერთ დროს თავადაც იმ გუნდის წევრი იყო. კიდევ ერთი უპრინციპობა ბერუჩაშვილმა მაშინ გამოავლინა, როცა თავდაპირველად განაცხადა, რომ მაია ფანჯიკიძესთან ერთად ტოვებდა თანამდებობას. ამ განცხადებიდან მეორე დღეს კი პოზიცია შეიცვალა. იმედი მაქვს, რომ ასეთივე უპრონციპობას არ გამოავლენს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას. სავარაუდოდ, პრემიერმა საგარეო მინისტრის პოსტზე ბერუჩაშვილის დანიშვნა მისი დიპლომატიური გამოცდილებიდან გამომდინარე გადაწყვიტა “, -განუცხადა “კვირას“ ნიკა ჩიტაძემ.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბერუჩაშვილი 1998 წელს საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროში მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. 2000-2003 წლებში ის საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილის პოზიციაზე დაინიშნა. “ვარდების რევოლუციის“ შემდეგ თამარ ბერუჩაშვილი რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო.
2004-2010 წლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე იყო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.
2013 წლის პირველი აპრილიდან კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი დაიკავა.