თავდაცვის მინისტრის მოადგილე ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში იმყოფებოდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი ორდღიანი ვიზიტით უნგრეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ დარჩიაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან პიტერ შიკლოშთან, გაერთიანებული შტაბის დირექტორთან, გენერალ-მაიორ იანუშ ვარგასთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან სზაბოლც ტაკაჩთან. შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული განვითარება, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ორმხრივი თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში, საერთაშორისო სტაბილურობის ოპერაციებში ქვეყნების ჩართულობა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ვიზიტის ფარგლებში, პირველად მოეწერა ხელი უნგრეთისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის 2014 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას. უწყების ცნობით, შეხვედრებზე უნგრეთის მხარემ მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ. დადებითად შეფასდა თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი. თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს თავდაცვის ატაშე უნგრეთის რესპუბლიკაში პოლკოვნიკი გრიგოლ ტატიშვილი და თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი იოსებ ჯიქია. ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო ბუდაპეშტში, საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ გამოფენაში, რომელიც ნატოს მიერ ავღანეთში წარმოებულ ISAF ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობას მიეძღვნა. ღონისძიების ფარგლებში პატივი მიაგეს საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას. მიხეილ დარჩიაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა 2001 წელს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში დაღუპული გაეროს მისიის (UNOMIG) უფროსის მოადგილე, უნგრელი ბრიგადის გენერალი ვაცლო ტოროკი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის შეიარაღებული ძალების სერჟანტთა სკოლაც მოინახულა.