მინდია ჯანელიძემ სამხედრო ატაშეებს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ საქართველოში აკრედიტებულ უცხო ქვეყნის სამხედრო ატაშეებს თავდაცვის უწყებაში უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ასევე, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, მისი მოადგილე, პოლკოვნიკი გიორგი კბილცეცხლაშვილი და თავდაცვის სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები.
დიპლომატებთან შეხვედრისას მინდია ჯანელიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო კურსი უცვლელია და საქართველო ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ მიისწრაფვის. მინისტრმა საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობის პროცესში თავდაცვის უწყების პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება. საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებსაც. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, უცხოელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების განვითარებას უწყობს ხელს.
„დღეს საქართველოში აკრედიტებულ ატაშეებთან შედგა შეხვედრა. შეხვედრამ საქმიან, თბილ ატმოსფეროში ჩაიარა. გაკეთდა გზავნილები ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტები შეიარაღებული ძალების მშენებლობის პროცესში. გაკეთდა კომენტარები იმაზე, თუ რა იქნება ჩვენი ძირითადი მუშაობის მიმართულებები და ამოცანები, რაც უნდა შევასრულოთ ამ მიმართულებებზე მუშაობის პროცესში. ასევე მოვისმინეთ მათი მოსაზრებები. რა თქმა უნდა, ატაშატთან ურთიერთობის გაგრძელება და საერთაშორისო ურთიერთობები არის და იქნება ჩვენი სამინისტროს მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. იმედი მაქვს, რომ ეს ურთიერთობები თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარებაში იქნება გამოყენებული“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
საფრანგეთის თავდაცვის ატაშემ საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკმა ანდრე ევრარმა, რომელიც, ამავე დროს, საქართველოში აკრედიტებულ სამხედრო ატაშეებს ხელმძღვანელობს, თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„თავდაცვის ახალ მინისტრთან სასიამოვნო შეხვედრა გვქონდა. საქართველოში აკრედიტებული სამხედრო ატაშეების სახელით, მსურს თავდაცვის მინისტრს მადლობა გადავუხადო, რათა გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ჩვენთან შესახვედრად დრო გამონახა. მინისტრმა თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების პრიორიტეტები და მათი განვითარების ხედვა წარმოგვიდგინა. დიდ მადლობას ვუხდით თავდაცვის ახალ მინისტრს იმ ნდობისთვის, რაც მან პარტნიორ ქვეყნებთან გამოხატა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს კურსი ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე უცვლელია და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. ასე რომ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალებთან თანამშრომლობას კვლავ ვაგრძელებთ“, – განაცხადა ანდრე ევრარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები