ტრისტან წითელაშვილი: „ნაციონალები“ ახალ ხელისუფლებას დღემდე უსმენენ

 

   სამხედრო ექსპერტ ტრისტან წითელაშვილის განცხადებით, „ნაციონალები“ ახალ ხელისუფლებას დღემდე უსმენენ. როგორც ექსპერტი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ აღნიშნავს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის რეზიდენციის დატოვებამდე საკმარისი დრო ჰქონდა, რომ მოსასმენი აპარატურა სხვაგან დაებინავებინა.
„აპარატურა პრეზიდენტის რეზიდენციაში იქამდე დატოვეს, ვიდრე სახელმწიფო დაცვის სამსახურს სააკაშვილი აკონტროლებდა. ჯერ კიდევ შს მინისტრის პოსტზე მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააცნობიერა, რომ მოდულიდან წაღებული აპარატურის დასაბრუნებლად აუცილებელი იყო, სახელმწიფო დაცვის სამსახური პრემიერ-მინისტრის აპარატს დაქვემდებარებოდა. სამწუხაროდ, სააკაშვილს საკმარისი დრო აღმოაჩნდა, ვიდრე რეზიდენციის დათმობა მოუწევდა, რათა ეს აპარატურა სხვაგან დაებინავებინა“, – განაცხადა წითელაშვილმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის რეზიდენციიდან გამოტანილი ფარული მიყურადების აპარატურა „ნაციონალებმა“ საიდუმლო საცავებში დააბინავეს და ახლა დანაშაულებრივ ქმედებას იქიდან ახორცილებენ.
„თავის დროზე ვანო მერაბიშვილმა დაცვის სამსახურები თავის კონტროლს დაუქვემდებარა. ასეთი დაცვის სამსახურები მერაბიშვილს ხშირად მიტინგების დაშლაში, არჩევნების გაყალბებასა და სხვა უკანონო ქმედებებშიც გამოუყენებია. დაცვის ეს სამსახურები დღემდე არსებობენ და მე მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის რეზიდენციიდან გამოტანილი ფარული მიყურადების აპარატურა დაცვის სამსახურების განკარგულებაში არსებულ ტერიტორიაზე და ოფისებში დააბინავეს. ახლა არავინ იფიქროს, რომ დაცვის სამსახურებს ეს აპარატურა გამოსაჩენ ადგილებზე ულაგიათ. მათ საიდუმლო საცავები აქვთ, სადაც ამ აპარატურის საიმედოდ დამალვა და ამუშავება არის შესაძლებელი და ახლა დანაშაულებრივ ქმედებას იქიდან ახორციელებენ!“ – განაცხადა წითელაშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები