დავით თევზაძე: თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბს შორის არა მარტო აღრეულია ფუნქციები, არამედ სისტემაა მოშლილი

„იცით, რა არის ჩვენი ქვეყნის უბედურება? ვისაც დღეს თანამდებობები უჭირავს, ნახევარზე მეტს ჯარისკაცის მუნდირი არ სცმია“, – აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
„ყველაზე ცუდი ამ პოლიტიკურ ორომტრიალში ის გახლავთ, რომ აღარავის ადარდებს სამხედროების ბედი, პირადაპირ გეტყვით, ძალიან განვიცდი იმას, რაც სამინისტროში ხდება. ცხადია, ფინანსურ დარღვევებზე ვერ ვისაუბრებ, მეტიც, საერთოდ გაუგებარია, რატომ გამოცხადდა ტენდერი, მაგრამ ვთვლი, რომ ერთ-ერთი დაკავებული პირი ნუგზარ კაიშაური ამ მოვლენების მსხვერპლია! კაიშური თავდაცვის სამინისტროში გენშტაბის ერთ-ერთ სამმართველოს ხელმძღვანელობდა, რომელსაც წესით იმ დოკუმენტებსა და ტენდერთან, რასაც დაპატიმრებულ სამხედრო პირებს ედავებიან. თუ პროკურატურამ მტკიცებულებებით დაადასტურა, რომ იგი კავშირში იყო, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ სამინისტროსა და გენშტაბს შორის არა მარტო აღრეულია ფუნქციები, არამედ სისტემაა მოშლილი“, – აცხადებს დავით თევზაძე გაზეთ „ასავალ დასავალთან“ ინტერვიუში.
ყოფილ მინისტრი წუხს, რომ დღეს ქვეყანაში არ არსებობს მექნიზმი, სამხედრო ოფიცერი შეურაცხყოფისგან დაიცვას. ყოფილი თავდაცვის მინისტრი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მათ იგივე შეცდომები არ დაუშვან, რასაც მიხეილ სააკაშვილისდროინდელი ხელისუფლება სჩადიოდა.
„ვინმეს პოლიტიკურ მომავალზე მეტად ის უფრო მაწუხებს, რომ დღეს ჩემს ქვეყანაში არ არსებობს მექანიზმი, დაიცვას ოფიცერი შეურაცხყოფისგან, არა აქვს მნიშვნელობა, რა აქვს ამ ოფიცერს გაკეთებული. კაიშაური არც ქუჩის ბარიგა იყო და არც ხულიგანი, რომ მისი ამ ფორმით დაპატიმრება მომხდარიყო. არ შეიძლება პოლიციელმა მასხარად აიგდოს სამხედრო ოფიცერი! არ შეიძლება, გენშტაბის მთავარი სამმართველოს უფროსს ქუჩაში ჩაუსაფრდე და, როგორც ტერორისტს, ბორკილი დაადო. ეს არ არის სახუმარო თემა. ხელისუფლება უფრო ფრთხილი უნდა იყოს და სააკაშვილის შეცდომები არ უნდა გაიმეოროს“! – აღნიშნავს დავით თევზაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები