ნინო ბურჯანაძე: დასავლეთის მხრიდან „ნაციონალების“ დასაცავად გაკეთებული განცხადებები უკვე მეტისმეტია
პოლიტიკური პარტია ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ქვეყანაში ,,მაიდანის“ საფრთხე არსებობს.
„სწორედ ,,ნაცმოძრაობამ“ გააკეთა განცხადებები, რომელიც ნათლად მიანიშნებდა იმას, რომ მათ „მაიდანი“ აწყობთ. ასე, რომ ,,მაიდანის“ საფრთხე ნამდვილად არსებობს და ამან შეიძლება საქართველოს კატასტროფული შედეგები მოუტანოს. ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ კარგად იცის, რომ ხელისუფლებაში არჩევნების გზით ვეღარ დაბრუნდება, ხოლო ,,მაიდნის“ გზით მას ხელისუფლებაში მოსვლა შეუძლია“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძე გაზეთ ,,კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში.
მისი შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნა გრძელდება, შემთხვევითი არ არის. მისივე თქმით, დასავლეთის მხრიდან ,,ნაციონალების“ დასაცავად გაკეთებული განცხადებები უკვე მეტისმეტია.
,,სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომ პოლიტიკური დევნა გრძელდება, შემთხვევითი არაა. ეს კი, პირველ რიგში, ,,ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს. მე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებები არ მახსოვს, როცა მარტო ჩვენი ორგანიზაციიდან 45 პოლიტპატიმარი ყოველგვარი ბრალდების გარეშე ციხეში იჯდა. თუ დასავლეთის მონა ხარ, მაშინ შენი ადამიანების უფლებები უნდა დაიცვან. ხოლო, თუ დასავლეთის მონა არ ხარ და სახელმწიფოს ინტერესებზე ლაპარაკობ, მაშინ გინდ მოგკლან, ციხეში ჩაგაგდონ, პრობლემა არაა? უკვე მეტისმეტია ის განცხადებები, რაც ,,ნაცმოძრაობის“ დასაცავად კეთდება“, – განაცხადა ბურჯანაძემ.