სანდრო თვალჭრელიძე: ალასანიამ პრემიერ-მინისტრობისთვის დაიწყო მზადება

პოლიტოლოგ სანდრო თვალჭრელიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც აგრესიული, ნაციონალისტური პარტია, უნდა გაუქმდეს. მისი შეფასებით, თუ ირაკლი ალასანია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსში შევა, რეიტინგს დაკარგავს და ეს მისთვის საბედისწერო შეცდომა იქნება. ამის შესახებ თვალჭრელიძე გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში საუბრობს.
„ნაციონალური მოძრაობა“, როგორც აგრესიული, ნაციონალისტური პარტია, უნდა გაუქმდეს. ეს ჩემი დამოკიდებულებაა. იმ ადამიანებმა, რომლებსაც ხელები იდაყვებამდე სისხლში არ აქვთ გასვრილი, თავიანთი პოლიტიკური გზა უნდა მონახონ. ადგილობრივ არჩევნებზე „ნაციონალების“ პროცენტები ალბათ 10% იყო. როგორც კი ალასანია ალიანსში „ნაცმოძრაობასთან“ შევა, მას მხოლოდ ეს 10% დარჩება და იმ 60%-ს, თუ რამდენიც აქვს რეიტინგი, დაკარგავს. ნამდვილად ვიცი, დღეს არჩევნები რომ იყოს და ალასანია „ნაცმოძრაობასთან“ ერთად ალიანსში იყოს, მე მას ხმას არ მივცემ. ალბათ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების პოზიციაც ასეთია. ირაკლი ალასანია წინდახედული ადამიანია. ვფიქრობ მას ღირებულებითი წითელი ხაზები აქვს და ამ ხაზებს არ გადააბიჯებს. ეს მისთვის შეიძლება საბედისწერო შეცდომა აღმოჩნდეს“,- განაცხადა თვალჭრელიძემ.
პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ალასანიამ შესაძლოა მზადება პრემიერ-მინისტრობისთვის დაიწყო.
„ალბათ, ალასანიამ პრემიერ-მინისტრობისთვის დაიწყო მზადება. პრეზიდენტობა არ უნდა, როდესაც პრეზიდენტის ინსტიტუტი ასეთი სარჩულგამოცლილია. ბატონი ალასანია ახალგაზრდა ადამიანია, წინ დიდი პოლიტიკური კარიერა აქვს, ალბათ, ემზადება არა მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი სტრატეგიისთვის“,- განაცხადა თვალჭრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები